VIDEO: „ძალადობას არ ვამართლებ, მაგრამ... რომ ამბობენ, ეს ყოვლად მიუღებელია, არავითარი მაგრამ" - ანა ჩირაძე ოჯახურ ძალადობაზე „პრაიმტაიმთან" საუბრობს

ani chiradze

ფემიციდი, ოჯახური ძალადობა, ძალადობის მსხვერპლი ქალებით გადავსებული თავშესაფრები, სახლებში მყოფი დადუმებული ქალები და ათასობით გამოწერილი ე.წ. შემაკავებელი ორდენები, ძალადობის თმენისკენ მოწოდებები და დანაშაულის დაფარვა - ეს ის რეალობაა, რომელშიც ცხოვრობთ და სადაც ქალებს ხოცავენ.

გასული კვირის სისხლიანმა ქრონიკებმა საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვა - რა მოვუხერხოთ ამ დიდ და გადაუჭრელ პრობლემას?! ამავე დროს, ბრბო ისევ მიზეზებს ეძებს - რატომ "დაიმსახურა" ამა თუ იმ ქალმა სიკვდილი, დაჭრა ან ცემა...   

ოჯახურ ძალადობაზე და ფატალურ შედეგებზე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემაში "ღამის პრაიმ - თაიმი" 31 მაისს, სამშაბათს ძალიან საინტერესო დისკუსიას ნახავთ. 

"პრაიმტაიმი" საზოგადოების როლზე, ძალადობაზე და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ცნობილ მსახიობს და ამავე გადაცემის წამყვანს, ანა ჩირაძეს ესაუბრა. ის ამბობს, რომ დანაშაულზე დუმილი დანაშაულია. 

ანი ჩირაძის თქმით, ძალადობასთან მიმართებაში სიტყვა "მაგრამ" არც კი უნდა ჩნდებოდეს, მაგრამ ჩნდება და ეს ჩვენი რეალობაა... 

"რა რეალობაშიც ვცხოვრობთ, ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, სანამ ფემიციდის შემთხვევა მოხდება არ უნდა გვეგონოს, რომ გარშემო ყველაფერი იდეალურად არის. სანამ ადამიანები ფიქრობენ და ამბობენ, რომ ადამიანზე ძალადობა ამა თუ იმ ფორმით გამართლებული შეიძლება იყოს და სიტყვა "მაგრამს" ამბობენ, სწორედ ასეთი მენტალობის მქონე ადამიანების ოჯახებში შესაძლოა, მოძალადე იზრდებოდეს. 

ცალსახად, ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს, არანაირი ფორმით. მოძალადესთან და პოტენციურ მკვლელთან ერთად დამნაშავეები არიან ისინიც, ვინც მსხვერპლს ძალადობრივ გარემოში ამა თუ იმ მიზეზით ცხოვრებას აიძულებს - იქნება ეს მორალურ, მენტალურ თუ ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებული.

 - რას ფიქრობ ოჯახური ძალადობის შესახებ - რაშია პრობლემა? 

- ეს მხოლოდ გენდერის პრობლემა არაა, ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ფაქტორი, ქვეყანაში არსებული სიდუხჭირე. კომპლექსური მიდგომაა საჭირო ამ დიდი და გავრცელებული პრობლემის გადაჭრაში. არც მხოლოდ მენტალობა და აზიასთან ახლოს ყოფნაა ძალადობის გავრცელების გამომწვევი მიზეზი. როცა მსოფლიო ევოლუციის გზას გადის, ჩვენ არსებულ რეალობაში ხომ არ უნდა ჩავრჩეთ?! 

- ფემინისტი ხართ?

- ქართული გაგებით რაც ფემინისტობას ნიშნავს, მე იმ მოსაზრებებს არ ვიზიარებ - რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ქალები არ უნდა იჩაგრებოდნენ, მათზე არ უნდა ძალადობდნენ და დამოუკიდებელ პერსონებად უნდა აღიქვამდნენ, თუმცა, არც კაცების ჩაგვრის მომხრე ვარ. მე ზოგადად მიყვარს ადამიანები, კაცს დიდ პატივს ვცემ, პატრიარქალურ წყობაში ვცხოვრობთ და ვერასოდეს მივიჩნევ თავს შეურაცხყოფილად თუ მამაკაცი მძიმე ჩანთის ტარებაში დამეხმარება ან სადმე ადგილს დამითმობს. ჩემთვის შეურაცხყოფა იქნება, თუ კაცი ასე არ მოიქცევა.

ადამიანს სქესებად არ ვყოფ, მიყვარს ადამიანი და მორჩა... აუცილებელია, თანაბარუფლებიანობა და თანასწორობა, ძალადობას რომ გამართლება არ აქვს, ამის გამეორებაც კი საჭირო არაა, აპრიორშივე იმდენად ნათელია, არც მიზეზებს უნდა ეძებდნენ, რატომ დაარტყეს ან მოკლეს ქალი... 

- შენ რომ ძალადობის მსხვერპლი იყო, როგორ მოიქცეოდი? 

- ძლიერი ქალი ვარ, ვფიქრობ, მორალურად გავუმკლავდებოდი, ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველასთვის საზომად ვერ გამოვდგები. თავის დაცვას თუ დამოუკიდებლად ვერ მოვახერხებდი, მაშინ დახმარებისთვის აუცილებლად უფლებადამცველ ორგანიზაციას მივმართავდი.

- რას ეტყვი ერს, სადაც ოჯახური ძალადობის შემთხვევები საკმაოდ ხშირია და ამ შემთხვევებზე საზოგადოება - გულგრილი? 

- მინდა, ყველამ გაიგოს, რომ დაუშვებელია სიტყვა "მაგრამ" გაჩნდეს ძალადობასთან მიმართებაში. "ძალადობას არ ვამართლებ, მაგრამ..." რომ ამბობენ, ეს ყოვლად მიუღებელია, არავითარი მაგრამ! ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს!