ესპანეთში ძაღლების სერფინგში ჩემპიონატი გაიმართა

ძაღლების სერფინგი

ესპანეთში ძაღლების სერფინგში ჩემპიონატი გაიმართა. ლაბრადორი კოა და მისი პატრონი, ხუან მანუელ სანტიაგო ყოველწლიური შეჯიბრის გამარჯვებულები უკვე მესამედ გახდნენ. ჩემპიონატი კანტაბრიაში, სუანსის სანაპირო ლა კონჩაზე ჩატარდა.

სააგენტოს ცნობით, ოთხფეხა სერფერები ერთმანეთს სხვადასხვა კატეგორიაში შეეჯიბრნენ - მათი ზომისა და მოასპარეზეთა რაოდენობის მიხედვით. ჩემპიონატში ათობით ძაღლმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ორგანიზატორი შინაური ცხოველების კვების კომპანია Dingonatura-ა. მისი ხელმძღვანელი, მანუელ კალვო ამბობს, რომ ჩემპიონატის მიზანი ცხოველებისა და ადამიანების დაახლოებაა, რათა მსოფლიო მასშტაბით მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა მაქსიმალურად შემცირდეს.

ჩემპიონატის მსვლელობისას ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ჯგუფიც, რომელთაც, ინციდენტის შემთხვევაში, ოთხფეხა მეგობრების გადარჩენა ევალებოდათ. საბედნიეროდ, ჩემპიონატმა ძაღლებისთვისაც და პატრონებისთვისაც უსაფრთხოდ ჩაიარა.