პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი გამორჩეული წამყვანი ავთო გვასალია, ჟურნალისტიკით 14 წლის ასაკიდან დაინტერესდა. როგორც თავად ამბობს, პირველად „საპატრიარქოს“ ტელევიზიაში სცადა ბედი, რადგან ეს ტელევიზია მის სახლთან ახლოს იყო.
ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ 17 წლის ასაკიდან თანამშრომლობს, მის გამოცდილებაში ჯერ გადაცემა „სხვა შუადღე“ შემდეგ „დილა“, „კურიერი“, ახლა კი P.S-ია.
„თეატრალური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, კინოთმცოდნეობის მიმართულებით. ჩემს ცხოვრებაში ჯერ ჟურნალისტიკა იყო შემდეგ კი გადაწყვეტილება, თუ რა პროფესიის უნდა გავმხდარიყავი. ვიდრე უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, მანამდე დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა, 14 წლისამ. შესაბამისად, როცა დადგა დრო, რა პროფესია უნდა ამერჩია, ვინაიდან სატელევიზიო გამოცდილება მქონდა, გადავწყვიტე, რომ ეს კონკრეტული მიმართულება ამერჩია და ჟურნალისტური გამოცდილება პრაქტიკაში გადამეტანა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ 14 წლიდან ჟურნალისტის სტატუსს ვატარებ.
თავიდან საპატრიარქოს ტელევიზიაში მივედი იმიტომ, რომ ჩემ სახლთან ახლოს იყო. „რუსთავის 2-იც" ახლოს იყო, მაგრამ ვერ გავბედე ჯერ აქ მოსვლა. იქიდან დაიწყო ყველაფერი, დაახლოებით სამი წელი ვიმუშავე და უკვე 17 წლისა მოვხვდი „რუსთავი 2-ში", გადაცემა „სხვა შუადღეში“. „სხვა შუადღის“ შემდეგ იყო დილის გადაცემა, იქ უკვე წამყვანის ამპლუაში აღმოვჩნდი, უკვე შემდეგ P.S. იყო“, - ამბობს ტელეწამყვანი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.
წელიწადზე მეტია, რაც ჟურნალისტმა P.S.-ში გადაინაცვლა და აღნიშნავს, რომ ახალი ამბების სპეციფიკა აქამდე არსებული გამოცდილებისგან ძალიან განსხვავდება.
„დაახლოებით წელიწადი და სამი თვეა, რაც კურიერ-ში გადმოვედი. შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად სხვა სპეციფიკაა, როცა „ნიუსზე“ მუშაობ.
„ნიუსში“ ყველაფერი იცვლება, არაფრის დრო არ გაქვს, გონება მუდმივად მზად არის იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს მოგიწიოს სამსახურში მოსვლა და სულ სხვა რეჟიმში მუშაობ.
საინფორმაციოს თავის ადრენალინი აქვს, მაგალითად, როცა რაღაცას ვერ ასწრებ და ჩართვისთვის ძალიან ცოტა დრო გრჩება, წუთები რომ იწურება, რომ ჩაეტევი და ყველაფერს მოასწრებ, ეს არის ძალიან დიდი სიამოვნება, ადრენალინია და ამ ადრენალინისთვის ღირს ყველაფერი“, - ამბობს ჟურნალისტი.
ყველაზე მძიმე ამბავი, რომელიც გაუშუქებია ბათუმის ტრაგედია იყო, როცა საცხოვრებელი კორპუსის ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გარდაცვლილთა შორის კი 3 ბავშვი იყო.
როგორც თავად ამბობს, არ არის მარტივი, ჰყვებოდე ადამიანის გარდაცვალების შესახებ და პირდაპირ ეთერში, მაყურებელთან ერთად იგებდე, რომ ნანგრევებში ბავშვის ცხედარი იპოვეს.
„ემოციურად დაღლილი ვიყავით მეც და მთელი გუნდიც, მთელი ღამე უწყვეტ რეჟიმში მოგვიწია მუშაობა, დღის განმავლობაში უკვე გვქონდა ინფორმაცია, რომ ნანგრევებში რამდენი ადამიანი იყო და ვინ იყვნენ ეს ადამიანები, იდენტიფიცირება მოხდა და ვიცოდით, რომ მათ შორის იყვნენ ბავშვები.
რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის გარდაცვალება მძიმეა ჩვენთვის, მაგრამ როცა ბავშვის გარდაცვალების შესახებ გვესმის, მაინც უფრო მეტად გვძაბავს ეს მომენტი. იყო ერთი ოჯახის ისტორია, მამა, რომელიც გარეთ იყო და ღრიალებდა ბოლო ხმაზე, ღმერთს ევედრებოდა, რომ ცოცხალი გამოეყვანათ ნანგრევებიდან ის ბავშვი, რამდენიმე წუთში გავიგეთ, რომ იპოვეს ბავშვის ცხედარი. რომელიც მისი შვილი იყო. ჩემი კოლეგა, დათო კაკულია გვერთვებოდა შემთხვევის ადგილიდან და ამბობდა, რომ ახლა იპოვეს ცხედარი და პარალელურად ვუყურებდით ამ კაცის კადრს. ეს იყო ძალიან მძიმე.
ხშირად ვაშუქებთ მკვლელობებს, ადამიანის გარდაცვალებას, მაგრამ მაინც დრო გვეძლევა იმისთვის, რომ ეს ამბავი გადავხარშოთ, სანამ ეთერში შევალთ მანამდე, მაგრამ, როცა პირდაპირ ეთერში იგებ მსგავს ამბავს, ეს ძალიან ცოცხალი და ბუნებრივი ემოციაა“. - ამბობს ავთო გვასალია.
როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ საუბარი არ უყვარს.
„არის რაღაცები,რაც საჯაროდ არ უნდა გამოიტანო, ალბათ იმიტომ, რომ პირადია. არასდროს ჩემს პირად ურთიერთობებზე, კონკრეტულ ადამიანებზე არ მილაპარაკია ღიად, არც facebook-ზე, არც instagram-ზე დამიპოსტავს, იმიტომ, რომ არის რაღაცები, რაც საჯაროდ არ უნდა გამოიტანო“, - ამბობს ჟურნალისტი.
მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, რესპონდენტი კომპოზიტორი, გია ყანჩელი იყო, რომლის ინტერვიუზე დათანხმება ძალიან გაუჭირდა.
„ვისაც გია ყანჩელის ჩაწერის მცდელობა ჰქონია, ყველამ ვიცით, რომ ეს ძალიან რთული იყო, თითქმის ყველას უარით უშვებდა. არ უყვარდა ინტერვიუები და ამის შესახებ მეც ვიცოდი. პროდიუსერმა დამავალა, იქნებ ჩაგეწეროსო. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა რესპონდენტს ალბათ მართლა ერთი საათი ვთხოვდი, რომ ინტერვიუ მოეცა. საბოლოოდ, რომ თქვა არაო, ოთახიდან გამოსვლისას, უბრალოდ ერთხელ მაინც შევხედე, დამიძახა - მოდი ერთ წუთითო. მივხვდი, რომ რაღაც კარგი ხდებოდა. 10 წუთში ჩამოვალ და ჩაგეწერებიო. ეს იყო ძალიან დიდი ემოცია ჩემთვის, რომ დამთანხმდა საბოლოოდ ინტერვიუზე. შევეცოდე ალბათ“, - იხსენებს გვასალია.
მძიმე, დაძაბული და დამღლელი სამუშაოს შემდეგ ჟურნალისტის განტვირთვის საშუალება ველოსიპედით სიარული და ფორტეპიანოზე დაკვრაა.
„ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, რთულია გქონდეს თავისუფალი დრო და აკეთო რაღაც სხვა, ამ საქმის გარდა, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით დავკავდე, ძალიან მიყვარს ველოსიპედით სიარული შემიძლია დაუსრულებლად ვიარო და არ ვიღლები ამით. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს სუფთა ჰაერზე ყოფნა, კარგ გარემოში. არ ვიცი ეს რამდენად არის ჰობი, მაგრამ ვუკრავ ფორტეპიანოზე და ესეც განტვირთვაში მეხმარება, სახლში გვიან, რომ მივიდე მაინც შემიძლია დავჯდე ფორტეპიანოსთან და ამით სიამოვნება მივიღო“, - ამბობს ჟურნალისტი.