„ერთმა რუსმა ტურისტმა მომახსენა, შავი ზღვა და საქართველოც ჩვენია და ჩუმად იყავითო...“ - ნუკი კოშკელიშვილი

მსახიობი

ნუკი კოშკელიშვილი ბათუმში ისვენებს. გამომდინარე იქიდან, რომ ტურისტულ სეზონზე აჭარაში რუსი მოქალაქეების სიმრავლეა, ნუკი ჟურნალ „გზასთან“ იხსენებს, ერთ-ერთ გამაღიზიანებელ ფაქტს, რომელსაც თავად შეესწრო.

„რუსი ტურისტების საქციელი ძალიან გამაღიზიანებელია: საზიზღრად იქცევიან, ყველგან ყველაფერს ისვრიან… რატომღაც მიაჩნიათ, რომ ჩვენ არ ვვარგივართ. ამდენი რუსის საქართველოში ყოფნა არ მსიამოვნებს, აბსოლუტურად განუკითხავად სვამენ და რაღაცებს ამტვრევენ. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქ ვინ იმყოფება – ბავშვის, ქალის წინ საზიზღრად იქცევიან, იგინებიან, ხმამაღლა ლაპარაკობენ… მოკლედ, ცუდად იქცევიან.

- შენიშვნა მიგიცია?

კი, მითხოვია, ბავშვთან ერთად ვართ.  ცოტა ხნით ჩუმად იყავით-მეთქი, მითქვამს, თქვენი ქალბატონი ძალიან ნასვამია, იქნებ მიხედოთ-მეთქი. ასეთ დროს გპასუხობენ – შენ ხომ ქართველი ხარ? ხმა ჩაიწყვიტეო!.. მაგალითად, ერთმა მათგანმა მომახსენა – შავი ზღვა და საქართველოც ჩვენია და ჩუმად იყავითო…“,  - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.