„აწი საკუთარი თავისგან არაფერი გამიკვირდება... ვფიქრობ, რომ ყოველი დღით უნდა „იკაიფო“ - რას გეგმავს ავთანდილი

avtandil

ავთანდილ ცქვიტინიძე 24 ივლისს იუბილარი იყო. დიზაინერი და უკვე ტელე სახე, დაბადების დღეს "პრაიმ ჰაუსის" საფინალო გადაცემაში შეხვდა. 

ეს  დღე არ აღუნიშნავს, თუმცა მეგობრების გარემოცვაში გაატარა.

"პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ სულ რამდენიმე წელში, 50-ის რომ გახდება, დიდ დაბადების დღეს გადაიხდის.

არის ლაღი და სიცოცხლის მოყვარული, გურული იუმორით ნაკმაზი მეტყველებით, საფირმო და გადამდები სიცილით, სიახლეების მაძებარი და პოზიტიური. აღიარებს კიდეც, რომ რაც ასაკი ემატება, უფრო აფასებს სიცოცხლეს და ყოველი დღისგან იღებს "კაიფს"... ასეც უნდა იყოს. 

ცოტა ხნის წინ მისი და ზელენსკის ტანდემზე, ექსკლუზივი გვქონდა. ვისაც ეს გამოგრჩათ, გეტყვით, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ომში, ავთანდილის ორი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი აცვია. დეტალები უკვე სტატიაში წაიკითხეთ სათაურით - ზელენსკიმ ავთანდილს ბოტასებისთვის მადლობა შემოუთვალა.

ავთანდილი: - დაბადების დღეს "პრაიმ ჰაუსში" შევხვდი. მერე ანასტასიას მეგობრებს გადავეკვეთე, შემდეგ ოჯახში ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად გავატარე. უკვე მეორე წელია, ჩემი შვილის მეგობრებთან ერთად ცოტა ხნით ვატარებ დაბადების დღეს და მერე მე და ტუსია მივდივართ სახლში.

ჩემ მენეჯერსა და მეგობარს, ზურა მგალობლიშვილისაც დღეს აქვს დაბადების დღე და მასთან შევიკრიბეთ სახლში, დიზაინერები, ძველი ძლიერი "კამანდა"...

მე 50 წლის რომ გავხდები, მაშინ გადავიხდი დიდ დაბადების დღეს.

ბოლოს დროს, უფრო და უფრო შემიყვარდა 24 ივლისი. ისე კი ვფიქრობ, რომ ყოველი დღით უნდა იკაიფო, როგორც ადამიანებთან ურთიერთობით, ისე საკუთარ თავთან. რაც უფრო ასაკი გემატება, მით უფრო ხვდები, რომ ყოველი დღე მნიშვნელოვანია. დაბადების დღე, უბრალოდ, აღსანიშნავია, რომ პლუს ერთი წელიც მოგემატა. ეგეც უკვე მაგარია!

ახლა დაბრძენების ასაკი მოდის ნელ-ნელა (ჩვეულ მანერაში იცინის).

უფრო აფასებ ცხოვრებას, მოცემულობას.

ცხოვრებაში მთავარია, რომ მშვიდად იყო და არ მოგბეზრდეს საკუთარი თავი. და ირგვლივ ყველა ბედნიერი გეყოლება, რადგან მხოლოდ სიყვარულს და ბედნიერებას გასცემ. უნდა გამოიწვიო თავი და მუდმივად გადადგა შენთვის არა ჩვეულებრივი ნაბიჯები. მერე კი ამით იკაიფო. 

მე თავს ვაიძულებ, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდე და კიდევ ახალი ავთო გავაცნო საკუთარ თავს. 

საზოგადოებამაც გამიცნო სულ სხვა ამპლუაში და გამოწვევებში. არ ვიცი, აწი საკუთარი თავისგან არაფერი გამიკვირდება, რადგან სხვა დროს შეიძლება უკვე სულ სხვა რაღაცები მომინდეს.

ტელევიზიაში მუშაობა ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო, რადიკალურად სხვანაირი. მეგონა, რომ ტელე წამყვანობა, რესპონდენტის ამპლუასთან ახლოს იყო. ვცდებოდი...

იმუშაო სამ სხვადასხვა და რადიკალურად განსხვავებულ ტელე პროექტში, არ არის ადვილი. პერიოდულად ხან რომელი მანთებდა, ხან - რომელი. ვფიქრობ, "ღამის პრაიმტაიმშიც", "სხვა შუადღეშიც" და "პრაიმ ჰაუსშიც" საკუთრი თავი სადღაც მოვძებნე, სადაც "ჩემი თემები" იყო, უფრო გამეხსნა და საინტერესო ვიყავი. ისე კი ძიებაში გახლდით...

ძალიან მინდა დავისვენო, გავაანალიზო, რამდენად ჩავსვამ ჩემი ცხოვრების შემდეგ ისტორიაში ჟურნალისტ ავთანდილს.

რაც შეეხება დიზაინერ ავთანდილს, ის ახლა თავის ძირითად საქმიანობაში ასრულებს იმ სამუშაოს, რაც გამორჩა ტელე წამყვანობის დროს. მეორე ხაზის ზამთრის კოლექციას, ორ კვირაში დავასრულებ და მერე სრულად დავისვენებ.