აშშ-ში ფისომ თვითმფრინავით გასეირნება მოისურვა და ერთ-ერთი მგზავრის ჩემოდანში შეუმჩნევლად შეძვრა

კატა

აშშ-ში ფისომ თვითმფრინავით გასეირნება მოისურვა და ერთ-ერთი მგზავრის ჩემოდანში შეუმჩნევლად შეძვრა. მშვენიერი სამალავი კი აირჩია, მაგრამ აშკარად ვერ გათვალა, რომ მისი ჟღალი ბეწვი შეუმჩნეველი არ დარჩებოდა - მით უმეტეს, როცა ჩემოდნის ელვაშესაკრავში ღრიჭო დარჩა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როცა ნიუ-იორკის ჯონ კენედის აეროპორტში უსაფრთხოების ოფიცრებმა ბარგის კონტროლი დაიწყეს, რენტგენულ გამოსახულებაში საეჭვო მოხაზულობის „ობიექტი" დააფიქსირეს. გახსნის შემდეგ კი ჩემოდნიდან არხეინად მოკალათებული კატა ამოიყვანეს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ონავარი ფისოს პატრონი ბარგის მფლობელი არც კი ყოფილა. თუმცა, ამ უკანასკნელმა მასში თავისი თანამცხოვრების ოთხფეხა მეგობარი ამოიცნო და კატაც უვნებლად დაბრუნდა შინ.

შემთხვევის ამსახველი ფოტომასალა ტვიტერზე გავრცელდა და ინტერნეტმომხმარებლებმაც იხალისეს.