„არ დაიჯერეს, რომ შეყვარებულები ვიყავით...“ - სად და როგორ გაიცნეს ერთმანეთი „პრაიმჰაუსელმა“ ბეამ და ავთომ

ავთო და ბეა

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი და მეორე სეზონის მონაწილეები, ავთო ჯაფარიძე და ბეა გაზდელიანი შეყვარებულები არიან. წყვილმა ცოტა ხნის წინ ინტერნეტში საერთო ფოტოები გამოაქვეყნა, რაც მათი გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

სად და როგორ გაიცნეს ერთმანეთი - ამაზე „პრაიმტაიმს“ ბეა ესაუბრა.

ბეა გაზდელიანი: - ერთმანეთი ბავშვობაში, სვანეთში გავიცანით. ეს იყო დაახლოებით, 2013-2014 წლებში. ამ ხნის  განმავლობაში ერთმანეთთან კონტაქტი არ გვქონია. სანამ „პრაიმ ჰაუსში“ შესვლას დავაპირებდი, მივწერე, რადგან რჩევები მჭირდებოდა. ამის შემდეგ ერთმანეთს შევხვდით და მეგობრული ურთიერთობა განვაგრძეთ, ბავშვობა გავიხსენეთ.

მივხვდით, რომ ერთმანეთი მოგვეწონა. თავიდან არ დაიჯერეს, რომ შეყვარებულები ვიყავით. ფიქრობდნენ, რომ ან რეიტინგისთვის იყო ეს ყველაფერი, ავთო მიყენებდა, ან პირიქით, მე ვიყენებდი.

2 თვეა, რაც ერთად ვართ. ერთმანეთის ოჯახებს ვიცნობთ, ერთმანეთი მოსწონთ. 

ახლა ავთო სვანეთშია და სოციალურ ქსელებში რომ აღარ ვაქტიურობთ, მწერენ, ხომ არ დაშორდითო. არა... ავთოს წასვლა მოუწია, მე ჯერჯერობით თბილისში ვარ. ალბათ, სვანეთში მალე ჩავალ და სოციალურ ქსელებში ვიაქტიურებთ. 

- ავთოს უნდოდა რომ პროექტში მისულიყავი?

- არ უნდოდა. მითხრა, ჯობს არ მიიღო მონაწილეობაო, მაგრამ მე ძალიან მინდოდა და მაინც მივიღე ეს გადაწყვეტილება. 

- ხომ არ ნანობ?

- არა, პირიქით.

- ნეგატიურ კომენტარებზე როგორ რეაგირებთ?

- თავიდან ძალიან არასასიამოვნო იყო, მაგრამ ახლა მივეჩვიე და ყველაფერს ჩვეულებრივად ვუყურებ. არ მაინტერესებს იმ ხალხის აზრი, რომლებიც ნეგატიურ კომენტარებს წერენ. 

- ურთიერთობის გაოფიციალურებას ხომ არ აპირებთ უკვე? 

- ჯერ არა (იცინის) პატარები ვართ.