10-წლიანი დეპრესია, ავადმყოფობა, გაკოტრება და სექსუალური სკანდალი - ბრენდან ფრეიზერის ტრიუმფი „ოსკარზე" და აუტისტი შვილი, რომელიც დაბრუნებაში დაეხმარა

brendan fraser

ოსკარის" რიგით 95-ე ცერემონიაზე ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი ბრენდან ფრეიზერის დაჯილდოება იყო.

„ღმერთო ჩემო.. არ მჯერა. მადლობა კინოაკადემიას ამ უდიდესი ჯილდოსა და აღიარებისთვის“,- განაცხადა მსახიობმა. 

ბედნიერებისგან ატირებული ბრენდან ფრეიზერი ოსკარით ხელში - ეს კადრი ოსკარების ისტორიაში სამუდამოდ აღიბეჭდა. 
 
ბრენდან ფრეიზერი დიდ კინოში დაბრუნდა - ასე შეაფასა  საერთაშორისო მედიამ  20 წლიანი პაუზის შემდეგ მსახიობის პირველი გამოჩენა. ლოს-ანჯელესში გამართულ ოსკარის რიგით 95-ე ცერემონიალზე ფილმში, საახელწოდებით „ვეშაპი“ შესრულებული როლისთვის

ბრენდან ფრეიზერმა „საუკეთესო მსახიობი კაცის“ ტიტული დაიმსახურა და კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, ოსკარი მოიპოვა. 
 
კინოსურათში ბრენდან ფრეიზერი ინგლისური ენის მასწავლებლის, ჩარლის როლში გვევლინება,  რომელსაც ჭარბი წონა აწუხებს და გაუცხოებულ შვილთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს. ფილმში შესრულებული როლისთვის მსახიობმა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდოც მიიღო. 
 
ბრენდან ფრეიზიერის ისტორია ინდიანაპოლისიდან იწყება. გაყიდვების სპეციალისტისა და ყოფილი ჟურნალისტის ოჯახში დაბადებული პატარა ბიჭი ბავშვობაში მოგზაურობით იყო გატაცებული. თეატრით პირველად მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ლონდონში ერთ-ერთი ვიზიტისას სპექტაკლს დაესწრო. იმდენად გაიტაცა სცენამ, რომ მოგვიანებით, პროფესიული არჩევანიც ამ მიმართულებით გააკეთა და სწავლა სიეტლში კორნიშის ხელოვნების კოლეჯში განაგრძო. 
 
სამსახიობო კარიერა ტელესერიალებით დაიწყო - თავიდან კომედიურ როლებს უფრო ასრულებდა. მისი პირველი დებიუტი ფილმში, სახელწოდებით  - Dogfight შედგა. შემდეგ იყო კინოსურათი „ჯორჯი ჯუნგლებიდან“. თუმცა, მსოფლიო აღიარება ბრენდან ფრეიზერს ფანტასტიკის ჟანრის ტრილერმა „მუმიამ“ მოუტანა. ფილმში შესრულებულმა რიკ ო’კონელის როლმა ის ნამდვილ ვარსკვლავად აქცია. 

 თუმცა, 2007 წელს მომხდარმა შემთხვევამ, ბრენდან ფრეიზერის ცხოვრება თავდაყირა დააყენა. გადასაღებ მოედანზე მან ხერხემალი და მუხლი დაიზიანა, რამაც სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. მსახიობს უამრავი ოპერაციის ჩატარება მოუწია.  მაგრამ, ყველაფერი ამით არ დასრულებულა.  სწორედ ამ პერიოდში ბრენდან ფრეიზერს ოჯახური პრობლემები შეექმნა. 9 წლიანი ქორწინების შემდეგ მეუღლეს, ეფტონ სმიტს დაშორდა, რომელთანაც 3 შვილს ზრდიდა. 
 
ბრენდანს ყოველწლიურად ალიმენტის სახით 900 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ის ფილმებში ვეღარ თამაშობდა და მისმა შემოსავალმაც თანდათანობით იკლო. ამიტომ მსახიობი იძულებული გახდა სასამართლოსთვის ალიმენტის თანხის შემცირების თხოვნით მიემართა. ამ ამბავს დიდი სკანდალი მოჰყვა. ბრენდანის ყოფილმა მეუღლემ ის სიცრუეში დაადანაშაულა.
 
2018 წელს მსახიობი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. მსახიობმა განაცხადა, რომ 2003 წელს ჟურნალისტის, ფილიპ ბერკის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. 
 
 „მან ჩემკენ გამოიწია და ინტიმურ ადგილებზე ხელით შემეხო. უცებ თვალთ დამიბნელდა. პატარა ბავშვივით ვიგრძენი თავი. მეჩვენებოდა, რომ ყელში ბურთი გამეჩხირა.. მეგონა უბრალოდ ავტირდებოდი“,- აღნიშნა მან. 
 
ჯანმრთელობის პრობლემებს, პირადი ცხოვრების დანგრევას, დედის გარდაცვალებასა და ფინანსურ სირთულეებს 10 წლიანი მძიმე დეპრესია, წონაში მატება და როლების თანდათანობით შემცირება მოჰყვა. 
 
„წლების მანძილზე დეპრესია ჩემი განუყოფელი მეგობარი იყო. ხანდახან ისიც მეგონა, რომ თავს ვერასდროს დავაღწევდი. თუმცა, მე ეს შევძელი და მინდა იცოდეთ, რომ თქვენც გამოგივათ! არ დანებდეთ! იბრძოლეთ! არ არსებობს სირთულე, რომლის გადალახვასაც ვერ შეძლებთ - მთავარია საკუთარი თავის გჯეროდეთ“,- განაცხადა მსახიობმა. 
 
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბრენდანი პირველად 2022 წელს ფილმში გამოჩნდა.

როგორც მსახიობი ამბობს, როლისთვის მომზადებაში მისი ვაჟი, გრიფინი დაეხმარა, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. 
 
 „ის საოცარი ადამიანია. მისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. გრიფინი ყველაზე კეთილია  მათ შორის, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. ბედნიერი ვარ, რომ მისი მამობა მხვდა წილად“,- ამბობს მსახიობი.

ფაქტია  - ბრენდან ფრეიზერის დიდ კინოში დაბრუნება შედგა. ახლა მას წინ კიდევ ბევრი საინტერესო როლი და აღიარება ელოდება.