ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ფასი რვა მილიონ ევრომდე გაიზარდა

ზურიკო დავითაშვილი

საფრანგეთის ლიგა 1-ში მოთამაშე ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ფასი გაიზარდა, ხოლო გიორგი მიქაუტაძის შემცირდა, – განახლებული შეფასებები Transfermarkt-მა გამოაქვეყნა.

2024 წლის დასაწყისში „სენტ-ეტიენის“ ქართველი ლეგიონერის ტრანსფერს გერმანული ანალიტიკური საფეხბურთო ვებგვერდი 3.0 მილიონი ევროდ აფასებდა. 7 ოქტომბერს დავითაშვილის გრაფაში 5 მილიონი ჩაიწერა, ხოლო ბოლო განახლებით, მისი ღირებულება უკვე 8 მილიონია.

ამავე დროს, საფრანგეთში მოთამაშე გიორგი მიქაუტაძის ფასი 2 მილიონით შემცირდა. „ლიონის“ ქართველი თავდამსხმელის შეფასება 20 მილიონი იყო. მართალია, ბოლო დროს გიორგიმ გოლების გატანა დაიწყო, მაგრამ ახალ ფასზე გავლენა იმან მოახდინა, რომ „ლიონში“ გადასვლის პირველ პერიოდში ვერ იტანდა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მისი მოთამაშეების ჯამური ფასი ფაქტობრივად არ შეცვლილა, მხოლოდ მცირედით გაიზარდა და 187.95 მილიონი ევრო გახდა, რაც ახალი რეკორდია.