მოსკოვის აეროპორტები დროებით დახურული იყო

მოსკოვის აეროპორტი

რუსეთის ავიაციის ფედერალური სააგენტოს („როსავიაცია“) განცხადებით, მოსკოვისა და კალუგის აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დროებითი შეზღუდვები დაწესდა. შერემეტევოს, დომოდედოვოს, ვნუკოვოს, ჟუკოვსკისა და კალუგის აეროპორტებმა რეისების მიღება და გაშვება დროებით შეაჩერეს.

შეზღუდვების შესახებ პირველად ინფორმაცია ძალოვან სტრუქტურებთან დაკავშირებულმა ტელეგრამ-არხებმა Baza-მ და Mash-მა გაავრცელეს. მათი ცნობით, მოსკოვისა და კალუგის ყველა აეროპორტში გეგმა „კოვიორი“ („ხალიჩა“) ამოქმედდა – სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხის გამო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოსკოვში, მოსკოვის ოლქსა და კალუგის ოლქში დრონების თავდასხმის შესახებ ჯერჯერობით არ უცნობებია.

Mash-ის ინფორმაციით, დომოდედოვოს, შერემეტიევოსა და ვნუკოვოს აეროპორტებში 27 რეისი შეფერხდა.

მოგვიანებით ვნუკოვოში, ჟუკოვსკიში, დომოდედოვოსა და შერემეტიევოში ფრენებზე შეზღუდვები მოიხსნა. კალუგაში რეისების აკრძალვის გაუქმების შესახებ ჯერჯერობით არ უცნობებიათ.