„ყოველთვის ბედნიერები ვართ, როდესაც ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ“ - ხვიჩა კვარაცხელია

კვარა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება. შეხვედრა 15 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

ხვიჩა კვარაცხელია (ეროვნული ნაკრების წევრი):

„ესპანეთის წინააღმდეგ წლის ბოლო საშინაო მატჩს გავმართავთ. ყოველთვის ბედნიერები ვართ, როდესაც ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გვიწევს თამაში. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლის ძალიან მცირე შანსი გვაქვს. მაგრამ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი თამაშებია ჩვენთვის, რადგან სწორედ ახლა უნდა დავიწყოთ მზადება მომავალი წლისთვის.

ოქტომბრის შეკრებაზე ტრავმის გამო ასი პროცენტით მზად არ ვიყავი, თუმცა ნაკრებისთვის ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები. ჩემი ხალხისთვის და თანაგუნდელებისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა უკეთეს ფორმაში ვარ, არაფერი მაწუხებს და ვეცდები, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. ბედნიერები ვართ, რომ კვლავ ერთად გვიწევს თამაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ“. 

1TVSPORT