ყაზანში მცხოვრებმა, 13 წლის ინგა გურგენიძემ საქართველოს სახელით პირველი მედალი მოიპოვა

ინგა გურგენიძე

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრების წევრმა 13 წლის ა ინგა გურგენიძემ იუნიორთა შორის, გრან პრის მეექვსე ეტაპზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სპორტსმენმა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, საქართველოს სახელით გამოსვლა ახლახან დაიწყო და პირველ წარმატებას იტალიის ქალაქ ეგნაში გამართულ შეჯიბრებაზე მიაღწია.

გურგენიძემ მოკლე და თავისუფალ პროგრამაში, ევროპელ მოციგურავეთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და ორი პროგრამის ჯამში მხოლოდ იაპონელ და კორეელ მეტოქეებს ჩამორჩა.

გრან პრის მეექვსე ეტაპზე ოცდაჩვიდმეტი ქვეყნის ორმოცდაოთხმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

ინგა გურგენიძე ოჯახის წევრებთან ერთად ყაზანში ცხოვრობს და საქალაქო პირველობაზეც გაიმარჯვა, რითაც რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, მაგრამ რუსეთის ნაკრების პერსპექტივას საქართველოს სახელით გამოსვლა ამჯობინა.

ინგა გურგენიძემ გასულ წელს ყაზანის საქალაქო პირველობაში მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონი გახდა.

13 წლის ინგა გურგენიძემ, რომელიც ამჟამად ოჯახთან ერთად რუსეთში, ქალაქ ყაზანში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად საჭირო პროცედურები გაიარა.

ამ გადაწყვეტილებას სპორტული გამოცემა „ჩემპიონატის“ მიერ გამოქვეყნებული სტატია მოჰყვა სათაურით – „საქართველო კვლავ გვართმევს ტალანტებს”.

„საქართველოს ნაკრების რიგები რუსეთიდან კიდევ ერთი მოციგურავით შეივსო. ინგა გურგენიძე 13 წლისაა, მას უკვე შეუძლია ახალგაზრდულ საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამოსვლა და… არავინ იცის, მიეცემოდა თუ არა ამის შანსი, რუსეთში რომ დარჩენილიყო.საქართველოში გადასვლით კი მას რეალურად შეუძლია, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლოს და სამომავლოდ ნაკრების ლიდერიც გახდეს“, – დაწერა რუსულმა სპორტულმა გამოცემამ.