ვინ შეცვლის სპალეტის? - ვარიანტები, რომელიც იტალიურ მედიაში აქტიურად განიხილება

სპალეტი

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიდან“ წასვლა ოფიციალურად სეზონის ბოლოს გამოცხადდება.

როგორც ჩანს, სპალეტის არ მოეწონა აურელიო დე ლაურენტისის გადაწყვეტილება, კონტრაქტის მის უკითხავად გაგრძელებაზე. ეტყობა, ტოსკანელი სპეციალისტი ფინანსური პირობების გაუმჯობესებას ელოდებოდა.

ისიც ჩანს, რომ მან ვერ მიიღო პრეზიდენტისგან იმის პირობა, რომ არ გაყიდის წამყვან მოთამაშეებს. 

დე ლაურენტისს უკვე ჰყავს კანდიდატურები, ხოლო მედიაში დაწყებულია მსჯელობა „ნაპოლის“ მომავალ, სავარაუდო თავკაცზე. ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად რაფა ბენიტესი განიხილება. ესპანელი სპეციალისტი „ნაპოლიში“ 2013-15 წლებში მუშაობდა. პირველივე სეზონში, ბენიტესმა გუნდს იტალიის თასი და სუპერთასი მოაგებინა, სერია A-ში კი მესამე ადგილზე გაიყვანა.

ასახელებენ ჯანპიერო გასპერინის კანდიდატურასაც, თუმცა „ატალანტაში“ მისი ფესვები უკვე იმდენად ღრმად არის გადგმული, საეჭვოა, „ნაპოლიში“ გადაბარგდეს. თანაც, გასპერინიმ ბერგამოში ახალი პროექტი დაიწყო.

როგორც ამბობენ, სიაშია ვინჩენცო იტალიანო, რომელიც შეზღუდული რესურსების პირობებში წარმატებით მუშაობს „ფიორენტინაში“ გუნდი კრიზისიდან გამოიყვანა და აგერ, ერთ ნაბიჯშია კონფერენსლიგის მოგებასთან.

არამარტო „ნაპოლისთვის“, ბევრი ევროპული კლუბისთვის მოთხოვნადი სპეციალისტია რობერტო დე ძერბი, რომლის ხელში „ბრაიტონი“ პრემიერლიგაში ისტორიულ სეზონს ატარებს.

სახელოვანი სპეციალისტებიდან, რომლებიც დღესდღეობით არ მუშაობენ, ასახელებენ ანტონიო კონტესა და იულიან ნაგელსმანს. თუმცა, ამავე დროს, ეჭვობენ, რომ ისინი შეძლებენ დე ლაურენტისთან მშვიდობიან თანაარსებობას.

და მაინც, თუ იტალიურ მედიას და ცალკეულ ბლოგერებს დავუჯერებთ, ყველაზე რეალური ვარიანტი, ამ მომენტისთვის, ბენიტესის დაბრუნებაა.

წყარო: lelo.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 VIDEO: „სპალეტის ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმები...“ - როგორ აფასებს ნონა გაფრინდაშვილი „კვარას“

👉 ცნობილია, რამ გამოიწვია ხელჩართული ჩხუბი გიორგი მამარდაშვილსა და ვინისიუსს ჟუნიორს შორის

👉 VIDEO: იფრინა, იჩხუბა და გაიმარჯვა - მამარდაშვილის სუპერსეივები და გმირობა