VIDEO: იფრინა, იჩხუბა და გაიმარჯვა - მამარდაშვილის სუპერსეივები და გმირობა

მამარდაშვილი

ლა ლიგის 35-ე ტურში "ვალენსიამ" "რეალს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "ღამურებმა" "ბლანკოსი" 3 წლის შემდეგ პირველად დაამარცხეს.

გიორგი მამარდაშვილმა მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ქართველმა მეკარემ 5 მოგერიება განახორციელა.

შეხვედრის პირველი ნახევარი "ვალენსიას" უპირატესობით წარიმართა.

მეორე ტაიმში "რეალი" გააქტიურდა, 56-ე წუთზე ვალენსიის კარს როდრიგო უტევდა, რომელმაც საჯარიმოდან კარში დაარტყა, მამარდაშვილი ამჯერადაც დამაჯერებელი იყო და ბურთი კუთხურზე გადააგდო.

მთავარმა მსაჯმა 10 წუთი დაამატა და რეალს ანგარიშის გასათანაბრებლად დიდი დრო ჰქონდა.

91-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდემ ახლო დისტანციიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა "მამარდამ" ურთულესი ბურთი მოიგერია და "ვალენსია" გაშვებული გოლისგან გადაარჩინა.

ამ მომენტიდან 3 წუთში კი ქართველმა მეკარემ ტონი კროოსის საჯარიმოდან დარტყმული მოიგერია.

"მამარდამ" დამატებულ დროში ერთი-ერთზე კარიმ ბენზემასაც აჯობა და ამჯერად ფრანგ ფორვარდს არ გაატანინა.

ამის შემდეგ მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, მსაჯმა მამარდაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა, ვინისიუსი კი გააძევა.

გიორგიმ ბოლო წამებზე კიდევ ერთი ბურთი მოიგერია, ერთი ერთზე ბენზემა გავიდა და ამჯერადაც, ქართველი გამოსვლაზე უშეცდომო იყო. 90+18-ე წუთზე დაძაბული მატჩი დასრულდა.

მამარდაშვილი, რა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.