VIDEO: ქართველ მებრძოლს ამ საქციელის გამო რაინდი უწოდეს - „ჩემი დიდი პატივისცემა ხაბიბს, მაგრამ მე მერაბ დვალიშვილი ვარ“

dvaliSvili

21 აგვისტოს გამთენიისას, მერაბ დვალიშვილი ლეგენდარულ ბრაზილიელს, ჟოზე ალდოს დაუპირისპირდა და უშანსოდ დაამარცხა.

ქართველმა 3 რაუნდიდან სამივე თავის სასიკეთოდ დაასრულა და ორგანიზაციაში ჩატარებული მე-10 ბრძოლიდან მე-8 თავის სასიკეთოდ დაასრულა, თანაც აღსანიშნავია, რომ ჩვენებურს ზედიზედ 8 გამარჯვებიანი სერია აქვს.

UFC-ის ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკრეგორი მერაბ დვალიშვილისა და ჟოზე ალდოს დაპირისპირებას სოციალური ქსელში გამოეხმაურა.

„ქართველი მებრძოლები დაუფასებლები და უცნობები არიან. საქართველოს საოცარი მოჭიდავეები და გრეპლერები ჰყავს! ეს ბიჭი მერაბი კი ძალიან მაგარი მებრძოლია“,- დაწერა მაკრეგორმა.

ჟოზე ალდოს დამარცხების შემდეგ ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"ჩემთვის ადვილია ბრძოლის თეიქდაუნებით მოგება და ეს ადრეც, ბრძოლამდეც ვთქვი. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული ვიყავი, თუ როგორ იცავდა ჩემი მეტოქე თავს.

ვფიქრობ, ჭკვიანურად ვიმოქმედე, რადგან მეტოქეს ჩემი პარტერში გადაყვანა უნდოდა, მე კი ზედმეტი ენერგია არ დამიხარჯავს.

ალდო ლეგენდაა, რომელსაც ფეხის კარგი დარტყმა აქვს. ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს დგომში ბრძოლით.

მეორე რაუნდის შემდეგ უფრო აქტიური გავხდი და ეს ვიგრძენი, შევუტიე, მაგრამ მუხლი დამიხვედრა და მივხვდი, რომ ძალიან არ უნდა გამერისკა, მე
ხომ უდიდეს სპორტსმენს ვეუპირისპირდებოდი.

მას შეხვედრის დასრულების შემდეგაც ვესაუბრე და შემიძლიათ გითხრათ, რომ ის ძალიან თავმდაბალი ადამიანია და მინდა, ბრაზილიელს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო.

ვფიქრობ, ჩემს დივიზიონში ნებისმიერის წინააღმდეგ ორთაბრძოლა შემიძლია, ჯანმრთელი ვარ, არაფერი მაწუხებს და ოქტაგონზე 1 თვეში დავბრუნდები.

ხალხი ჟოზეს სახელს სკანდირებდა? - ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. მთლიანად ბრძოლაზე ვარ კონცენტრირებული, რადგან პროფესიონალი სპორტსმენი ვარ. გულშემატკივარმა შესაძლოა, შენი სახელის სკანდირება დაიწყოს ან მეტოქის, ეს სპორტის განუყოფელი ნაწილია. უკვე საკმაო რაოდენობის გამოცდილება და ორთაბრძოლა დამიგროვდა იმისათვის, რომ მსგავს რაღაცებს ყურადღება არ მივაქციო. შესაძლოა, ჩემი სახელის სკანდირებას უფრო მეტი ენერგია მოეცა, მაგრამ მე უბრალოდ ჟოზე ალდოს წინააღმდეგ ვიბრძოდი და ხალხს ის უყვარს".

ჟურნალისტებმა ფაფახის გამო მერაბს კითხვა ხაბიბ ნურმაგომედოვთან მსგავსების შესახებაც დაუსვეს და უთხრეს, რომ ბრძოლის სტილიც მისნაირი აქვს...

„ჩვენ ერთი კუთხიდან, კავკასიიდან ვართ. ნურმაგომედოვი სპორტის ლეგენდაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის სულ სხვანაირი და მას ვერ მივბაძავ. ჩვენი კულტურა საერთოა, მაგრამ რელიგია სხვა. ხაბიბი რუსეთის სახელით ასპარეზობს, ადრე დაღესტანელებს კი დამოუკიდებელი ქვეყანა ჰქონდათ. ხედავთ ამ რუკაზე საქართველოს? - 2008 წელს რუსეთმა მისი ცენტრალური ნაწილი მიითვისა, როდესაც მე დავიბადე კი დასავლეთით აფხაზეთი. რუსეთი ოკუპანტია, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20% აქვს მითვისებული. ისინი ამას აკეთებენ უკრაინაშიც, სადაც უამრავი მშვიდობიანი მოსახლე იხოცება, ჩვენ კი ვერაფერს ვაკეთებთ... ჩემი დიდი პატივისცემა ხაბიბს, მაგრამ მე მერაბ დვალიშვილი ვარ", - თქვა დვალიშვილმა.

მერაბმა ქართველებს მშობლიურ ენაზე მიმართა და თქვა, რომ საქართველო ძალიან უყვარს და გვერდში დგომისთვის მადლობას იხდის. მან ქართველ სპორტსმენებს წარმატებები უსურვა და თქვა, რომ ყველაფერი წინაა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბრაზილიელი ლეგენდის დამარცხება ბევრს დაუჯერებელიც ეგონა. ცნობილმა რეპერმა 238 ათასი დოლარი დადო, რადგან სჯეროდა, რომ ქართველი მებრძოლი დამარცხდებოდა.

სპორტულ სამყაროში აღფრთოვანება გამოიწვია დვალიშვილის ჟესტმა, რომელიც მან გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ გააკეთა. დამარცხებულ მეტოქესთან მივიდა, რომელიც ტატამზე იმედგაცრუებული იწვა. ქართველმა ის გაამხხნევა, პატივისცემა დაუდასტურა, ხელზე ემთხვია და ფეხზე წამოაყენა. ამ საქციელის გამო, მას ნამდვილი რაინდი უწოდეს.