VIDEO: ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს
1737051347
ხვიჩა კვარაცხელია უკვე პარიზშია, ის ნეაპოლიდან კერძო რეისით გაფრინდა და დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხოლო სადებიუტო მატჩს 25 იანვარს გამართავს – ინფორმაციას Corriere della Sera და Le Parisien-ი ავრცელებენ.
„კვიჩა კვარაცხელია უკვე პარიზშია. მანამდე იყო დიეგო მარადონას მურალთან, ასევე გუნდის ბაზაზე მივიდა, გამოემშვიდობა გუნდსა და ანტონიო კონტეს, რომელსაც ესმის ვარსკვლავის მოტივაცია. კვარაცხელია ხომ ვეზუვის ჩრდილში წელიწადში მხოლოდ 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა.
ქართველი სამედიცინო შემოწმების შემდეგ პსჟ-თან კონტრაქტს გააფორმებს (2029 წლამდე) და წელიწადში 9 მილიონ ევროს მიიღებს. „ნაპოლი“ ამ გაყიდვით კარგად ისარგებლებს და 75 მილიონ ევროს აიღებს.
კვარაცხელია გუნდში მაშინდელმა გენერალურმა მენეჯერმა, ჯუნტოლიმ ზოგადი სკეპტიციზმის ფონზე მიიყვანა. ნეაპოლელებმა 10 მილიონი ევრო გადაუხადეს ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელში, რომელმაც გუნდს მესამე სკუდეტო მოუტანა და „ნაპოლის“ ისტორიაში შევიდა.
გარემარბი ტოვებს „ლურჯებს“, სადაც 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა (+29 საგოლე გადაცემა) და, უპირველეს ყოვლისა, შეტევაში დიდი ფანტაზია შეიტანა. გულშემატკივრებს მისი წასვლა ეწყინათ, მაგრამ იციან, რომ ანტონიო კონტე დე ლაურენტისს ქართველის რეალური შემცვლელის დამატებას სთხოვს“, – წერს გამოცემა.
მოსალოდნელია, რომ ხვიჩა ოთხწლიან (+1) კონტრაქტს მოაწერს ხელს და პსჟ „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროზე მეტს გადაუხდის. Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს ინფორმაციას ფეხბურთელის ხელფასზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მის შემოსავალს. მაშინ როცა „ნაპოლიში“ წელიწადში 1,2 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, ქართველი პსჟ-ში 11 მილიონ ევროს მიიღებს.
Le Parisien-ის ცნობით, კვარაცხელია, სავარაუდოდ, ამ ხუთშაბათს ან, ყველაზე გვიან, პარასკევს, კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმებამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მისი დებიუტი 25 იანვარს, ლიგა 1-ის მე-19 ტურში, „პარკ დე პრენსზე“ „რეიმსთან“ მატჩში შედგება.