საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია - გელა კეტაშვილი:

გელა კეტაშვილი

ერთი რამ მინდა ვთხოვო ჩვენს ბიჭებს, თავიანთი ძალის რწმენა არ დაკარგონ - ისინი ძალიან დიდი ფეხბურთელები არიან. ახლა მათ უნდა იომონ. ეს არის ნამდვილად ომი, ოღონდ - წმინდა სპორტული და საფეხბურთო, - ამის შესახებ ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, სეულის ოლიმპიადის ოქროს მფლობელმა, გელა კეტაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ჩართვისას განაცხადა.

მან ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„ჩვენმა ბიჭებმა საკუთარი თავის რწმენა უნდა შეიგრძნონ, ძალა უნდა იგრძნონ. გამოვიდნენ მინდორზე და უბრალოდ გააკეთონ ის, რაც იციან, რასაც თამაშობენ და რის გამოც არიან ნაკრებში.

დღეს ფეხბურთი ფასდება თავისი უბრალოებით. გააკეთონ თავიანთი საქმე და ყველაფერი კარგად იქნება. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ თურქეთის ბარიერი უნდა დავძლიოთ.

ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია, რადგან რასაც ვუყურებ ჩვენი ბიჭების შესაძლებლობასა და იმ კლუბებს, სადაც ისინი თამაშობენ, არ ჩამოუვარდებიან არავის! ყველა თამაშობს ძალიან კარგ კლუბში. ახლა მთავარია, მოხდეს ერთმანეთში შერწყმა-შეთამაშება, გამოსვლა და რეზულტატის ჩვენება“, - განაცხადა კეტაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანება საქართველოს ეროვნული ნაკრების გვერდითაა და მათ მხარდაჭერას უცხადებს.