„საოცრად მშრომელია. 7 წელია, გადახვეწილია ირანში, წარმოუდგენელ სიძნელეებს გაუძლო...“ – გიორგი გველესიანის დედა

გიორგი გველესიანი

საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა. დებიუტანტი საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშია. ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლები და გიორგი მამარდაშვილის აუღებელი კარი.

26 მარტს დაწყებული ლამაზი საფეხბურთო ისტორია 26 ივნისს მორიგი ისტორიული გამარჯვებით დაგვირგვინდა. ეროვნულმა ნაკრებმა საამაყო ისტორია დაწერა. ჩვენი ქვეყანა მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ისტორიული მატჩის პირველი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაა. ამ გოლის გატანაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი გველესიანს.

ჟურნალი „გზა“ ახალ ნომერში აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრთან, გიორგი გველესიანის დედასთან, ლელა გრძელიშვილთან, რომელიც იმ სირთულეების შესახებ საუბრობს, რაც ირანში თამაშისას მის შვილს შეხვდა:

„გიორგი საოცრად მშრომელია. 7 წელია, გადახვეწილია ირანში, წარმოუდგენელ სიძნელეებს გაუძლო, ყოველ წუთს ბრძოლაშია. თუ გინდა, ამ სპორტში კარგი იყო, წუთითაც არ უნდა მოდუნდე.

თავიდან დიდი პრობლემა იყო ენის ბარიერი, იქ ინგლისური არ იციან, გიორგიმ მათი ენა არ იცოდა და ვერაფერს აგებინებდა. კაფეში მენიუ მხოლოდ სპარსულ ენაზე იყო. სულ ერთ კაფეში შედიოდა და ერთ კერძს იღებდა. ბოლო წლებში სპარსული ენა შეისწავლა. 7 წლის განმავლობაში 4 გუნდი გამოიცვალა. ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაღალი დონის გუნდში გადადიოდა და ახლა „პერსოპოლისში“ თამაშობს, რომელიც ირანის ჩემპიონი ორჯერ გახდა…“