რა აკავშირებს ბასილაშვილთან 10 წლის გოგოს, რომელიც „ტენ-პრო გლობალ ჯუნიორ ტურის“ გამარჯვებულია

ნატალი ბასილაშვილი

10 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, ნატალი ბასილაშვილმა ესპანეთის ქალაქ მალიორკაში, რაფაელ ნადალის აკადემიაში „ტენ-პრო გლობალ ჯუნიორ ტურზე“ გამარჯვება მოიპოვა.

10 წლის ნატალიმ, რომლის მწვრთნელიც საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა, ნოდარ ბასილაშვილია, ფინალამდე კვიპროსის, ესპანეთის, სერბეთის და მალტას წარმომადგენლები დაამარცხა, ფინალურ მატჩში კი ყაზახ სპორტსმენს 2 სეტში: 6:3,7:6 მოუგო

ნატალისა და მისი ოჯახის პარალელურად მილოცვებს მისი მწვრთნელიც იღებს. 10 წლის გოგონას გვარმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, გაჩნდა კითხვა, არის თუ არა ის ნიკოლოზ ბასილაშვილის ნათესავი.

ამ კითხვით ნატალის მამას, ალექს ბასილაშვილს მივმართეთ.

ნიკოლოზის ნათესავები არ ვართ, მხოლოდ მოგვარეები. ორი წლის წინ, როცა მათი ოჯახი გავიცანით, ნიკოლოზის მამამ გვთხოვა, რომ ნატალი ჩოგბურთზე მასთან გვეტარებინა. როცა ნიკოლოზი საქართველოშია, ძალიან ყურადღებიანია ნატალის მიმართ, თუმცა, მას ძირითადად ნოდარი ავარჯიშებს.“ - ამბობს გოგონას მამა.

გამარჯვების შემდეგ ნატალიმ თავისი ემოციები და სამომავლო გემებიც გაგვიზიარა.

რთული იყო, ძლიერი მოთამაშეები შემხვდნენ, მაგრამ ტურნირამდე ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. ჩემთვის ეს გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს, სულ მინდოდა, ასეთი ტურნირის მოგება და ძალიან  მიხარია.  ჩემი სამომავლო გეგმებია, პროფესიონალური ჩოგბურთი ვითამაშო და საუკეთესო ათეულში შევიდე. ჩემი შთაგონების წყარო და საყვარელი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილია.“ - ამბობს გოგონა.