პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
85 წლის ასაკში თბილისის „დინამოს“ ვეტერანი მოთამაშე, 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა.
ვლადიმერ ბარქაია 1937 წლის 29 ივლისს გაგრაში დაიბადა. თბილისის „დინამომდე“ იცავდა აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრების, ხოლო შემდეგ გაგრის „ბურევესტნიკის“ ღირსებას. ამ კლუბში აფხაზეთის ჩემპიონი გახდა და საქართველოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფში ითამაშა.
ბარქაიას დებიუტი საბჭოთა კავშირის ნაკრებში 1965 წლის 27 ივნისს 1966 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში დანიის წინააღმდეგ შედგა და 2 გოლის გატანა მოახერხა. ასევე ჩაატარა ამხანაგური მატჩი ბრაზილიის წინააღმდეგ, რომლის რიგებში პელე თამაშობდა.
ვლადიმერ ბარქაია თბილისის „დინამოში“ 1957-1967 წლებში თამაშობდა. იყო 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 1959 და 1962 წლებში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო 1960 წელს საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ითამაშა.
ეს წერილი ლეგენდის ხსოვნას ეძღვნება...
1965 წლის 4 ივლისს მოსკოვში ბრაზილიის ნაკრებმა 3:0 მოუგო საბჭოთა კავშირის უპირველეს გუნდს. დღესაც ჩვენს შორის არიან ქომაგები, რომელთაც ცოცხლად უნახავთ ეს დაუვიწყარი შეხვედრა. დაუვიწყარი თუნდაც იმიტომ, რომ ამ მატჩში ერთბაშად ხუთმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა - მიხეილ მესხმა, სლავა მეტრეველმა, გიორგი სიჭინავამ, ვლადიმერ ბარქაიამ და ანზორ კავაზაშვილმა.
იმ დღეს მთელი ქვეყანა ფეხბურთით ცოცხლობდა. ხუმრობა საქმე ხომ არაა - ბრაზილიელთა ღირსებას იცავდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ პელე, გარინჩა, ჟაირზინიო, ჟერსონი, ორლანდო, ჯალმა სანტოსი.
ისტორიას შემორჩა უნიკალური ფოტო, რომელზეც ქართველი ფეხბურთელები და პელე არიან აღბეჭდილნი. მოსკოვში გამართული მატჩის გახსენება ვთხოვეთ მის უშუალო მონაწილეს, ქართული ფეხბურთის ამაგდარ ვეტერანს, ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას.
"ბრაზილიის ნაკრების თაობაზე მაშინ ლეგენდები დადიოდა მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ჩვენც ბევრი რამ ვიცოდით ამ უბადლო ოსტატების შესახებ და მოუთმენლად ვემზადებოდით მათთან შესახვედრად.
მატჩისათვის მოსკოვის "სპარტაკის" ბაზაზე, "ტარასოვკაში" მოვემზადეთ. ნიკოლაი მოროზოვი იყო მაშინ საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. წავედით და ცოცხლად ვნახეთ ბრაზილიის ნაკრები, რომელმაც "ლუჟნიკებზე" ივარჯიშა. გუნდს ბევრი რამ ვარჯიშებზეც ეტყობა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ ასე მაგრები იქნებოდნენ...
თამაშის დაწყებამდე მოროზოვმა ცალკე შეგვკრიბა. გვითხრა, გავისაუბროთ, სანამ ჟურნალისტები მოვლენო. ვალერი ვორონინს უკვე ნათამაშები ჰქონდა პელეს წინააღმდეგ. ყველა მას ვეკითხებოდით, მართლა ასეთი მაგარია თუ რეკლამის ამბავიაო. ახლაც ზუსტად მახსოვს, ასე თქვა, არავითარი რეკლამა, სასწაული ფეხბურთელიაო...
თამაში რომ იწყებოდა, ვიფიქრე, ცოტა რომ მოგვეხსნას დაძაბულობა, ჩემს მეგობარს და თანაქალაქელს, ჟორა სიჭინავას გავეხუმრები - მეთქი. ვუთხარი, ჟორა, ერთ ქალაქში ხომ ვცხოვრობთ? კიო. ერთ ქუჩაზე ხომ ვცხოვრობთ? ამაზეც დამეთანხმა - გაგრაში ორივე ნინოშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდით. რას მოვესწარით, ერთად ვეთამაშებით პელეს და ბრაზილიის ნაკრებს მეთქი...
დაიწყო თამაში. პელეს მეურვეობა სიჭინავას დაევალა, ვორონინს კი მისი დაზღვევა. ვუყურებ ბრაზილიელთა თამაშს და ვატყობ, რომ ვტკბები პირდაპირ. მოვიხელთე დრო და ჟორას ვუთხარი, დაანებე ამ პელეს თავი, მაინც არ არსებობს მაგის დაჭერა და გაჩერება - მეთქი.
0:3 წავაგეთ, მაგრამ მაინც კარგი და ისტორიული თამაში გამოვიდა. არ დამავიწყდება პელეს ხმა. რაღაცნაირი, საყვირივით ხმა ჰქონდა. ბურთს ასე ითხოვდა. ტრიბუნიდან სტვენა თუ ისმოდა, კიდევ უფრო გიჟდებოდა და უმატებდა თამაშს.
ორი გოლი შეაგდო. ერთი ანზორ კავაზაშვილს გაუტანა. ანზორი დიდოსტატი მეკარე იყო. კუთხე შეუმცირა, თითქოს გამოუვალ სიტუაციაში ჩააყენა პელე, მაგრამ იმან მაინც გაიტანა...
ჩემს თამაშს რაც შეეხება, ვერ ვითამაშე ისე, როგორც ველოდი და მინდოდა. სიმართლე გითხრათ, ბრაზილიელების თამაშს უფრო ვუყურებდი. თამაში რომ მორჩა, "ინტურისტში" იყო საზეიმო სუფრა. მოვეფერეთ ერთმანეთს, მადლობა ვუთხარით...
ბრაზილიელებთან მატჩი რომ დამთავრდა, მართლა ვთქვი, მეგონა, ფეხბურთს ვთამაშობდი-მეთქი...
მე არ ვარ იმ ცნობილ ფოტოზე, რომელზეც ქართველი ფეხბურთელები და პელე არიან აღბეჭდილნი. ალბათ, ან ჟურნალისტებს ვესაუბრებოდი, ან ნაადრევად შევედი გასახდელში. ახლა ზუსტად ნამდვილად აღარ მახსოვს.
გეთანხმებით, მე უფრო საკლუბო ფეხბურთელი ვიყავი, ვიდრე სანაკრებო. მხოლოდ ორი შეხვედრა ვითამაშე საბჭოთა კავშირის ნაკრებში. და მაინც, ვერ ვიტყვი, რომ ჩემს შემთხვევაში რაიმე უსამართლობას ჰქონდა ადგილი. ჩემს ადგილას ვალენტინ ივანოვი თამაშობდა. მართლა დიდი ფეხბურთელი და დიდი ადამიანი. მე რომ ნაადრევად წავედი ფეხბურთიდან, ის კიდევ ზენიტში იყო...
რა ვთქვა მესხზე და მეტრეველზე? სლავა და მიშა ნამდვილი, დიდი ვარსკვლავები და ამავე დროს, უბრალო და ძალიან დიდი ადამიანები იყვნენ. არ დამავიწყდება, ქართველ ვეტერანებთან ერთად შევხვდი ერთხელ დი სტეფანოს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ფეხბურთელებიდან მხოლოდ მეტრეველი, მესხი და იაშინი იცოდა...
ჩვენი "დინამო" ერთი დიდი ოჯახი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენი თაობა უბედნიერესი იქნებოდა, საქართველოს ნაკრებში რომ ეთამაშა. მაშინ ეს შეუძლებელი იყო და "დინამო" იყო ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი რამ. "დინამო" იყო სამშობლოს გრძნობა და რაღაც ისეთი, რასაც ვერ ახსნი კაცი და რაც შეუძლებელს შეგაძლებინებს.
ამ ხნის კაცი ვარ და ტყუილი რაში მჭირდება. ფეხბურთის თამაში რომ დავამთავრე, ჩავედი სოხუმში. შემხვდა იქ ჩემი ძმაკაცი. შემხედა და ხედავს, რომ ჩემი შარვალი ვერ გამოიყურება მაინცდამაინც კარგად. წამიყვანა და ორ შარვალთან ერთად ერთი კოსტუმიც მაჩუქა, თან მითხრა, სიომაა, ეგაა შენი ფეხბურთიო?
ჩვენ ფულისათვის არასოდეს გვითამაშია. ჩვენ საქართველოსთვის ვთამაშობდით. მაშინდელ დროში ფეხბურთი იყო ჩვენი ეროვნული თვითგამოხატვის ყველაზე მძლავრი საშუალება და როცა მინდორზე გავდიოდით, საქართველოს ვიცავდით.
მინდა, ერთი შემთხვევა გავიხსენო. ეს მოხდა "დინამოს" საჩემპიონო სეზონის მსვლელობისას. მოსკოვის "დინამოს" მოვუგეთ მნიშვნელოვანი შეხვედრა. ამ დროს უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები ვართ. მოგებული თამაშის მერე გუნდმა რომ უნდა დაისვენოს, ცხადია.
„დინამოს" ლეგენდარულმა კაპიტანმა, შოთა იამანიძემ შეგვკრიბა. გამოვიდა სიტყვით და თქვა: ბიჭები, მოდი, ყველაფერი პირადული გადავდოთ, არ გვინდა დასვენება. წავიდეთ ბაზაზე და უკვე დავიწყოთ მზადება შემდეგი თამაშისთვისო.
რომ არ გველოდა, ისე მივადქით დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გავრილ კაჩალინს. მას შემდეგ და არც მანამდე მე კაჩალინის თვალზე ცრემლი არ მინახავს. ტიროდა ეს ბუმბერაზი მწვრთნელი და ბუმბერაზი ადამიანი.
აი, ასეთი გუნდი იყო თბილისის "დინამო"...