„ნაპოლიმ“ მნიშვნელოვანი თამაშები ოსიმენის გარეშე უკვე მოიგო - სპალეტი

სპალეტი

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრამდე და მოახლოებულ მატჩამდე გუნდის მზადებასა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ხვალინდელ მატჩს ოსიმენი გამოტოვებს.

,,სერია A-ში „მილანმა“ დამსახურებულად მოგვიგო, მაგრამ უკვე კარგად ვიცნობ ჩემს გუნდს და დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვიქნებით. არის თუ არა ეს შეხვედრა ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი? იმედია, რომ მომავალში სხვა მსგავსი შეხვედრებიც მელის. უნდა გავაცნობიეროთ, სად შეიძლება გავიდეთ, რადგან ამ სეზონში უკვე ვაჩვენეთ, რომ დიდ გუნდებს შეგვიძლია შევეჯიბროთ და მოდით, დავტკბეთ ამ საათებით და წუთებით.

ოსიმენის არყოფნას რაც შეეხება, გუნდის სიძლიერე ერთიანობაში უნდა განიხილოთ და არა ცალკეული მოთამაშეებით. „ნაპოლიმ“ მნიშვნელოვანი თამაშები ოსიმენის გარეშე უკვე მოიგო, რადგან გუნდურად ვითამაშეთ. ნიგერიელი ცენტრფორვარდის ნაცვლად რასპადორი იქნება თუ არა, ჯერ ამაზე ვერაფერს ვიტყვი. მან სრული დატვირთვით მხოლოდ დღეს ივარჯიშა, ხვალ დილით ტესტებს კიდევ გაივლის და შემდეგ გადაწყდება, „მილანთან“ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ვინ ითამაშებს“, – ამბობს ლუჩანო სპალეტი.

ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი „მილანსა“ და „ნაპოლის“ შორის „სან-სიროზე“ 12 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება.

წყარო: 1tv.ge