„მებრძოლი, რომელსაც იანის გამო შურისძიება შეუძლია, უმარ ნურმაგომედოვია“ - ბრძოლის სურვილი ხაბიბის ბიძაშვილმაც გამოთქვა

დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის განვლილ ორთაბრძოლას რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადგილობრივი ჟურნალისტები წერენ, რომ ქართველმა მებრძოლმა მეტოქე დამსახურებულად დაამარცხა, თუმცა ამბობენ, რომ ერთადერთი მებრძოლი, ვინც პიოტრ იანის გამო შურისძიებას შეძლებს, ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი, უმარ ნურმაგომედოვია.

გასულ უქმეებზე UFC-ის მთავარი ივენთი პიოტრ იანისთვის მერაბ დვალიშვილთან მარცხით დასრულდა. იანმა რუსეთის მოსისხლე მტერთან წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. ქართველი მებრძოლი თავიდან ბოლომდე დომინირებდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვა. ყველა მსაჯმა ხუთივე რაუნდი დვალიშვილს მისცა, რაც ტოტალური უპირატესობის აბსოლუტური დასტური იყო. როგორც მოსალოდნელი იყო, მერაბმა კვლავ ბევრი ილაპარაკა...

ლეგენდარული ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი, უმარი ნებაყოფლობით გამოთქვამს სურვილს, რომ დვალიშვილი თავისი გრძელი ენის გამო დასაჯოს და იანის გამო შური იძიოს. მან უკვე მიმართა ორგანიზაციას და მერაბთან ბრძოლის ორგანიზება მოითხოვა.

„ვფიქრობ, თეთრი ფაფახი შავი ფაფახის წინააღმდეგ ძალიან საინტერესო იქნება. იმედი მაქვს, ისინი ამ ბრძოლას მიიღებენ“, - ამბობს უმარ ნურმაგომედოვი.

უმარს მხოლოდ შურისძიების კეთილშობილური განზრახვა არ ამოძრავებს. მან კარგად იცის, რომ მერაბს ახლა მსუბუქ წონაში ნამდვილი „ტრამპლინი“ აქვს. იანთან ბრძოლამდე ქართველი მებრძოლი რეიტინგში მესამე ადგილზე იყო, დამანგრეველი გამარჯვების შემდეგ კი მეორე გახდება. ამის გარდა, დვალიშვილი მოქმედი ჩემპიონის, ალჯამეინ სტერლინგის საუკეთესო მეგობარიცაა. ალჯამეინ სტერლინგს კი აუცილებლად ენდომება იმ მებრძოლზე შურისძიება, ვინც მერაბის მოგებების სერიას შეწყვეტს.

UFC-ის უმარისა და მერაბის ბრძოლა სჭირდება! მეტოქეებმა უკვე ყველას დაუმტკიცეს, რომ ძლიერად შეუძლიათ მუშაობა როგორც დგომში, ისე პარტერში. ნურმაგომედოვთან ქართველი მებრძოლი ვერ შეძლებს ისე მარტივად დომინირებას, როგორც იანთან. ამასთან, თავად დვალიშვილიც არ მისცემს რუსს სიტუაციის სრულად გაკონტროლების უფლებას.

ამ პოტენციურ ბრძოლას ერთი საინტერესო პარალელი აქვს. ამავე წონაში, როდესაც შონ ო’მალიმ და პიოტრ იანმა იბრძოლეს, ო’მალი მე-13 ნომერი იყო, იანი კი პირველი. ყველას გვახსოვს, როგორი წარმოუდგენელი უბედურებითაც დასრულდა ის ბრძოლა. ახლა, უმარი მე-11 ნომერია, მერაბი კი მეორე გახდება. ნურმაგომედოვისთვის დვალიშვილთან ბრძოლა შესაძლოა მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანიც იყოს... ეს ყველაფერი UFC-ის გადასაწყვეტია.“ - ვკითხულობთ CHAMPIONAT.COM-ის სტატიაში.

ცნობისთვის, უმარ ნურმაგომედოვი მსუბუქ წონით კატეგორიაში რეიტინგის მე-11 ნომერია, UFC-ში მისი რეკორდი კი 4:0-ზეა. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, „მანქანამ“ იანის დამარცხებით ორგანიზაციაში ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა, MMA-ს ეგიდით ჩატარებულ ორთაბრძოლებში კი მისი ბალანსი 16:4-ზეა.