გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ავტორიტეტული ნიდერლანდური გამოცემა, De Volkskrant-ი საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.
სტატიის ავტორი საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირს, ლეგენდარულ შოთა არველაძესაც დაუკავშირდა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სთხოვა საკუთარი აზრის დაფიქსირება.
სტატიაში ვკითხულობთ:
რუსეთ-უკრაინის ომის გამო მისი კარიერა სულ სხვანაირად წარიმართა“, - ამბობს მისი თანამემამულე, „აიაქსის“ ყოფილი ფეხბურთელი, შოთა არველაძე.
როდესაც ქართველი ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა, არველაძე „აიაქსს“ უჩვეულო დრიბლიორის შესახებ მიანიშნებდა. იმ დროს „აიაქსის“ სპორტული დირექტორი მარკ ოვერმარსი იყო, კლუბს კი ფლანგის შემტევი არ სჭირდებოდა. არველაძეს არ სურს, რომ კლუბის პოზიციას სისულელე უწოდოს, რადგან ეს რჩევა არ გაითვალისწინა.
„მაშინ ხვიჩა ძალიან ძვირი ღირდა. ეს უბრალოდ რჩევა იყო, რადგან „აიაქსში“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვთამაშობდი და იქ დღემდე ბევრი მეგობარი მყავს. მაგრამ ყაზანმა მინიმუმ 20 მილიონი ევრო მოითხოვა, ან შესაძლოა ის კლუბიდან მოქმედი კონტრაქტის გამო არ გაუშვეს. მაგ დროს „აიაქსს“ მარცხნივ ტადიჩი ჰყავდა, მარჯვნივ ანტონი თამაშობდა და ამის გარდა, კიდევ აკადემიის ბიჭებიც იყვნენ“, - გვეუბნება არველაძე.
ომმა სიტუაცია შეცვალა. კვარაცხელიას კონტრაქტი გაუუქმდა და სათამაშოდ სამშობლოში, ბათუმის „დინამოში“ დაბრუნდა. ახალი სეზონის დასაწყისამდე კი „ნაპოლიში“ 10 მილიონ ევროდ გადავიდა. ის სპალეტის გუნდის ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზი იყო, რომელიც საკუთარ თავზე „აიაქსმაც“ გამოცადა, როდესაც ამსტერდამში 1:6 წააგეს. ის „აიაქსის“ დაცვის წინააღმდეგ საოცარ და თავისუფალ დრიბლინგებს ახორციელებდა და თავის თამაშში სრულ თავისუფლებას გრძნობდა.
დანარჩენი ყველაფერი უკვე ისტორიაა. „აიაქსისა“ და „ალკმაარის“ ყოფილი ფეხბურთელი, შოთა არველაძე ძალიან ნათლად აფასებს ქართველ დრიბლიორს. „რომ არა კატარის მსოფლიო ჩემპიონატი და მესი-მბაპეს ფინალი, ხვიჩა დღეს სეზონის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის იქნებოდა“, - ამბობს არველაძე.
საქართველო მუნდიალზე ვერ მოხვდა, თუმცა არის იმედი, რომ ერთ დღეს ქვეყანა წარმატებას მიაღწევს იმ ახალი თაობის წყალობით, რომლის წინამძღოლიც ხვიჩა კვარაცხელიაა. შეიძლება აღორძინდეს ისეთი დიდებული პერიოდი, როგორიც 1981 წელს თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოგება იყო. იმ დროს საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, შენგელია და ყიფიანი კი ჯადოსნური ჟღერადობის მქონე ფეხბურთელები იყვნენ.
კვარაცხელია ერთ-ერთია იმ მოთამაშეებისგან, რომლებსაც შეგვიძლია უსასრულოდ ვუყუროთ და YouTube-ზე გამორჩეული დრიბლინგების მოყვარულებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. დაცვის ხაზის გაჭრა ქუსლით, ტერფით, ბრწყინვალე მოძრაობები, დარტყმები და პასები როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ, გამჭრიახობა და გამბედაობა...
შოთა არველაძე, რომელიც სტამბოლში ცხოვრობს და მომავალი სეზონიდან სამწვრთნელო კარიერაში ახალი გამოწვევისთვის ემზადება, კვარაცხელიაზე გვეუბნება:
„ხვიჩა თავის ასაკთან შედარებით, უკვე ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის თამაშობს როგორც მომწიფებული, შემდგარი ფეხბურთელი. მისი სისწრაფე, ძალა, თამაშის წაკითხვის უნარი, როდის უნდა წავიდეს მარტო და როდის მისცეს თანაგუნდელს პასი და როგორ. როდის უნდა აჩქარდეს, ან არა, მისცეს პასი, ან თვითონ დაარტყას, როდის წავიდეს ერთი მოძრაობით, ან გაჩერდეს. ეს ყველაფერი ნამდვილად განსაკუთრებული უნარებია ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის“.
არველაძეს გოლის გატანის უკეთესი რეპუტაცია ჰქონდა და არ სურს საკუთარი თავის კვარაცხელიასთან შედარება:
„მე არ ვიყავი ისეთი დრიბლიორი და სწრაფი, როგორიც ხვიჩაა. მე უფრო მეტად ჩემი პოზიციის შერჩევის უნარს ვეყრდნობოდი“.
სეზონი უკვე მთავრდება და ქართველი გარემარბის საბაზრო ღირებულება იმატებს. კვარაცხელია უკვე 80 მილიონ ევროდ არის შეფასებული. არველაძე ფიქრობს, რომ კვარაცხელიას ნეაპოლში“ კიდევ ერთი წლით დარჩენა გონივრული გადაწყვეტილება იქნება:
„სამხრეთ იტალიაში ცხოვრება ისეთივეა, როგორც საქართველოში... ცოტა ხმაურიანი“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.