1738930726
ლაზარე სუთიაშვილი – ქართული ჩოგბურთის ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი
![ლაზარე სუთიაშვილი – ქართული ჩოგბურთის ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი ლაზარე სუთიაშვილი – ქართული ჩოგბურთის ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/07/111523/lazare-sutiashvili-qartuli-chogburtis-akhalgazrda-amomavali-varskvlavi_w_h.jpeg)
სპორტი არა მხოლოდ გამარჯვებებით იზომება, არამედ იმ ბრძოლითაც, რომელსაც სპორტსმენი თავის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გადის. ერთ-ერთი ასეთი ამბავი უკავშირდება ლაზარე სუთიაშვილს – ახალგაზრდა ქართველ ჩოგბურთელს, რომლის ნიჭი და მონდომება არაერთხელ დაუმტკიცებია ქართულ და საერთაშორისო არენაზე. მიუხედავად მისი შთამბეჭდავი მიღწევებისა, მისთვის უმთავრესი გამოწვევა ამ ეტაპზე საერთაშორისო ჩემპიონატებზე მონაწლეობის მიღებაა, რომელიც საკმაოდ დიდ ფინანსურ მხარდაჭერასთანაა კავშირში. ამის გარეშე კი მისთვის შეუძლებელი იქნება გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი და მიაღწიოს კიდევ უფრო დიდ წარმატებას.
14 წლის ლაზარე სუთიაშვილი დილის 6 საათზე ვარჯიშს იწყებს, რადგან იცის, რომ წარმატება დაუღალავი შრომის შედეგია.
ლაზარე ჩოგბურთს ბავშვობიდან თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ სპორტში წარმატების მიღწევა ფინანსურ მხარდაჭერასაც მოითხოვს, მას სჯერა, რომ მონდომება და შრომა გადამწყვეტი ფაქტორებია. ამის დასამტკიცებლად, ის მუდმივად ვითარდება და საუკეთესო შედეგებს აღწევს. დარწმუნებულია, რომ თავდაუზოგავი შრომით, უნარების დახვეწითა და ოცნებებით, დიდ კორტებზე გასვლას შეძლებს.
მან ორჯერ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული, ასევე რამდენჯერმე წარმატებით იასპარეზა Ten-Pro-ის საერთაშორისო ტურნირებზე. 2023 წელს საფრანგეთში, დიჟონში, დაამარცხა ლუქსემბურგის და ირლანდიის პირველი ნომერი ჩოგბურთელები. 2025 წლის იანვარში კი ანკარაში გაიმარჯვა ესტონეთის საუკეთესო ჩოგბურთელთან. ევროპოს ჩემპიონატებზე დამარცხებული ჰყავს ბულგარეთისა და მოლდოვის პირველი ნომერი.
ლაზარე ყოველდღიურად ვარჯიშობს მზიურის კორტებზე მწვრთნელებთან: ალექსანდრე ბურჭულაძესთან და გივი სამხარაძესთან, ხოლო ზაფხულობით – სოფელ დიღომში. მისი ყოველდღიურობა მკაცრი რეჟიმით მიმდინარეობს: დილა ადრეული ვარჯიშით იწყება, შემდეგ გაკვეთილები, საღამოს კი ისევ ვარჯიში. ‘მისი მიზანია, გახდეს მსოფლიო დონის ჩოგბურთელი და საქართველოს სახელით ითამაშოს დიდ ტურნირებზე, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. ამ ეტაპზე, როგორც საქართველოს ჩემპიონს და წარმატებულ სპორტსმენს, ეხმარება ფედერაცია და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თუმცა იმისთვის, რომ საერთაშორისო ტურნირებში მიიღოს მონაწილეობა, სჭირდება სპონსორები.
ლაზარე მზადაა, იმუშაოს, იბრძოლოს და თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის ისაა, რომ შანსი მიეცეს და დაამტკიცოს – მონდომება წარმატებისკენ მთავარი გზაა და სპონსორები აუცილებლად გამოთქვამენ სურვილს მისი მხარდაჭერისთვის.