შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
1742589142
2024/25 სეზონი "პარი სენ-ჟერმენისთვის" განსაკუთრებულად მიმდინარეობს. გუნდს თითქმის გარანტირებული აქვს საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული, თუმცა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელიას დამატება ძალიან წარმატებული ტრანსფერი აღმოჩნდა. ხვიჩა მალე შეეწყო პარიზულ გრანდს და მასთან ერთად ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს. აღსანიშნავია შანსები ევროპის მთავარ საკლუბო სცენაზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტში "პსჟ" ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ ფავორიტებს შორის არის. ამ ყველაფრის ფონზე, "რუსთავი 2" პარიზელებისა და არგენტინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ხავიერ პასტორეს ესაუბრა.
"პსჟ"-ის მიმდინარე ფორმა
ხავიერ პასტორე პარიზელთა ფორმით კმაყოფილია და გუნდის ახალგაზრდული შემადგენლობის პერსპექტივას განსაკუთრებულად აღნიშნავს:
"ვხედავთ "პსჟ"-ს, რომელსაც უამრავი ამბიცია აქვს. ეს არის ახალგაზრდა გუნდი, სადაც მწვრთნელმა მოთამაშეების საუკეთესო ვერსიები იპოვა. მათ ძალიან პერსპექტიული სვლა აქვთ, პრაქტიკულად უკვე მოიგეს ლიგა 1 და ახლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძვიან, რაც კლუბისთვის ნანატრი ტიტულია. როცა გუნდი ზედიზედ იგებს ბევრ მატჩს, ეს თავდაჯერებას აძლიერებს და ასეთ კარგ ფეხბურთელებთან ერთად თავდაჯერების დაკარგვა პრაქტიკულად შეუძლებელია."
რა აკლდა წინა თაობის "პსჟ"-ს ევროპული წარმატებისთვის?
ხავიერ პასტორე პარიზული გრანდის ღირსებას 2011-2018 წლებში იცავდა და კლუბის ახალი ეპოქის ერთ-ერთი სიმბოლოდ იქცა. თუმცა, მაშინ "პსჟ"-მა ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოახერხა, არგენტინელს ამის მიზეზზეც ვკითხეთ.
"მე ვიცხოვრე "პსჟ"-ის ახალი ეპოქის საწყისებში, სადაც, შეგვიძლია ვთქვათ რომ ბევრი კარგი რამ გამოვიარეთ, კლუბი ძალიან გაიზარდა. მუდმივად ვთამაშობდით ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილით, თუმცა გარკვეული ნახტომი გვაკლდებოდა, რათა ფინალში გავსულიყავით. მუდმივად შესანიშნავი გუნდი გვყავდა, თუმცა საბოლოოდ, ეს ფეხბურთია, სადაც გამარჯვებულის და დამარცხებულის ბედს მცირე დეტალები წყვეტს. ვფიქრობ, რომ იღბალი დაგვაკლდა".
"პსჟ"-ის ამჟამინდელი გუნდის შანსები ჩემპიონთა ლიგაზე
ხავიერ პასტორეს აზრით, პარიზელებს წელს ყველაფერი აქვთ ევროპული ტრიუმფის მისაღწევად.
"ამ გუნდმა უამრავი მოლოდინი გააჩინა, ძალიან პოპულარულია და ზედიზედ ბევრი მატჩი მოიგო. ვფიქრობ, ყველაფერი აქვთ ფინალში გასასვლელად და შემდეგ მის მოგებაზე ოცნებისთვის, რათა გააბედნიერონ გულშემატკივრები".
ხვიჩა კვარაცხელია – "პსჟ"-ის ახალი ვარსკვლავი
ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლამ ევროპაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პასტორე ქართველ ვარსკვლავს დიდ კომპლიმენტებს უძღვნის.
"ძალიან ნიჭიერი და მოწიფული მოთამაშეა, რომელიც მოედანზე მუდმივად კარგ გადაწყვეტილებებს იღებს. ძალიან მომწონდა ჯერ კიდევ ნეაპოლში თამაშის დროს და ახლა, სხვა უმაღლესი დონის თანაგუნდელებთან ერთად, შეტევაში მისი შეჩერება ურთულესია. ხვიჩას გუნდისთვის ბევრი დადებითი რამ მოაქვს. ვარსკვლავია, თუმცა იქცევა როგორც ჩვეულებრივი მოთამაშე და ეს პიროვნული ღირსებები ბევრს მატებს გუნდს და მის თამაშს. კვარაცხელია ფენომენია!"... სრულად