ჯაბა კანკავა მიმართვას ავრცელებს - „ნაკრებს გერმანიაში, როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში“

jaba kankava

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პოსტი მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ჯაბა კანკავას თქმით, ნაკრებს გერმანიაში, როგორც გულშემატკივარი, ისე დაუდგება მხარში.

„საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეიოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.

თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: საკანრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის, რომელიც მარტში გამომიცხადეს. მაშინ, როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის, რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გულშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ.

 

გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონზე შეეცდება“, - წერს ჯაბა კანკავა.