გრანდიოზული შეთავაზება ქართველ ფეხბურთელს - გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება

გიორგი მიქაუტაძე

„მეცის“ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის გადაბირებით რამდენიმე უცხოური კლუბი ინტერესდება.

ახლახან, დაიწერა, რომ მისი გაფორმების ყველაზე კარგი შანსი „ლანსს“ აქვს და ცნობილმა ჟურნალისტმა, მოჰამედ ტუბაშ-ტერმა ეს ინფორმაცია დაადასტურა.

ტუბაშ-ტერის მიხედვით, „ლანსმა“ მიქაუტაძეს წინადადებით მიმართა და უზარმაზარი ხელფასი შესთავაზა, რის შემდეგაც, გიორგისთვის ბრძოლაში ფავორიტის სტატუსი მოიპოვა. „ლანსის“ მთავარი კონკურენტი „მონაკოა“ და მონეგასკები დანებებას არ აპირებენ. ტუბაშ-ტერის ცნობით, „მონაკო“ მიქაუტაძეს ახალ შეთავაზებას გაუკეთებს და მზადაა, გიორგის „ლანსზე“ უკეთესი წინადადებით მიმართოს.

23 წლის თავდამსხმელს „მონაკოსთან“ სიტყვიერი შეთანხმება აქვს მიღწეული და შესაძლოა, ეს ერთ-ერთი გარდამტეხი ფაქტორი აღმოჩნდეს. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ 2023/24 წლების სეზონი „მეცში“ დაიწყო, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე კი „აიაქსში“ გადავიდა.

ამსტერდამულ კლუბში მან თავი ვერ გამოიჩინა, რის შემდეგაც „მეცში“ დაბრუნდა და ჯერ საფრანგეთის ლიგა 1-ში, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა.