პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კვარაცხელია... მაისურაძე... გრიგალაშვილი... ხელბურთი... ფეხბურთი, ძიუდო - არ აქვს მნიშვნელობა რომელ სიტყვას ვიტყვით ან გვარს დავასახელებთ, ყველა გაგონილი სიტყვა წარმატებასთან ასოცირდება...
წელს, იმდენჯერ ვთქვით „ისტორიაში პირველად!“, რომ არ ვიცი რა დავარქვა ქართული სპორტის სამყაროსთვის ამ დიდებულ წარმატებას...
წელს, პირველად, ისტორიული მსოფლიო ჩემპიონატი იყო საქართველოსთვის. პირველად ორი, პირველად ორგზის, პირველად იყო ქართული ფინალი!
სანამ დოჰაში მიღებული ემოციებით ვართ სავსე, დავწერ ლაშა ბექაურის სიტყვებს, რომელიც ბევრმა უკვე წაიკითხეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რამდენჯერაც წაიკითხავთ, იმდენჯერ აგიჩქარდებათ პულსი:
„მე იმ 300-ის შთამომავალი ვარ! საქართველოს შვილი, იმ გმირი წინაპრების სისხლი ჩემშია ვგრძნობ, ვგრძნობ, რომ საქართველო ჩემშია და ყოველ წამს ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველად დავიბადე, ამისთვის უდიდესი მადლობა უფალს!
მადლობა ღმერთს ქართული იყო ფინალი და მადლობა ღმერთს დღე ქართული ჰიმნით დასრულდა. მიხარია თუ ჩემი საქმით შემიძლია ვიქართველო, შემიძლია სიხარულის ცრემლებით გატიროთ და სახეზე თუნდაც რამდენიმე წამით ღიმილი მოგანიჭოთ“...
საოცარი გამარჯვებების ორი წელი გვაქვს ქართველებს. სპორტი აღმოჩნდა ერთადერთი სფერო ქართულ რეალობაში, რომელმაც ერი გააერთიანა. აქ არ აქვს მნიშვნელობა სქესს, პოლიტიკურ სტატუსს, სოციალურ ფენას. აქ ყველა ერთნი ვართ...ერთისთვის ვნერვიულობთ, განვიცდით და გვიხარია... ეს სფერო გახდა ყველაზე დიდი სიხარულის მომტანი სხვადასხვა პრობლემებით დამძიმებული ადამიანებისთვის...
და სულ ბოლოს გაგვიხარდა, რომ ვაჟთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ძიუდოში შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მოვიპოვეთ ბრინჯაოს მედალი...
ზედიზედ მეორედ წელს ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია
აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა.
პირველად ისტორიაში - ძიუდოში, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრებით დასრულდა. კონკურენციაში საქართველოს ნაკრებიც ჩაება და ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა - ბრინჯაოს მედალი და პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
მას შემდეგ რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრება შერეული სისტემით (ვაჟთა და ქალთა შერეული გუნდი) ტარდება საქართველოს ნაკრებმა პირველად მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
კაშია, კანკავა და ჩაკვეტაძე სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ
ქართული სამეულის „სლოვანმა“ „ფორტუნა ლიგაში“ „ბანსკა ბისტრიცასთან“ მატჩი 2:1 მოიგო და სლოვაკეთის ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა.
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიოს თასის გამარჯვებულია - ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების ოქროსმედალოსანია.
ქართველმა სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში იტალიელი რიკარდო ნუჩო (15:6) დაამარცხა.
ტრიუმფალური მოგება - ჩვენებურებმა 6 ერის წარმომადგენელ მეტოქეს 3 ლელო დაუდეს და პირველად დაამარცხეს.
გასული წლის ზაფხულში ბორჯღალოსნებმა ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თამაში ტრიუმფალურად მოიგეს! ჩვენებურებმა 6 ერის წარმომადგენელ მეტოქეს 3 ლელო დაუდეს და პირველად დაამარცხეს.
მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრები 38:11 დაამარცხა და ტიტული მეთხუთმეტედ მოიპოვა.
ისტორიაში პირველად - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ოლიმპიური ჩემპიონი სერბეთი დაამარცხა
თუ რა გუნდია სერბეთი, ამის გასააზრებლად ამ გუნდის სხვა ტიტულებიც უნდა ჩამოვთვალოთ. სერბებს ტოკიოს ოლიმპიადის გარდა, ოქროს მედლები აქვთ მოპოვებული რიოს ოლიმპიურ თამაშებზეც, ამას გარდა კი, მსოფლიოს 3-გზის, ევროპის 7-გზის, მსოფლიო თასის 3-გზისა და მსოფლიო ლიგის 12-გზის გამარჯვებულები არიან.
მოკლედ, წყალბურთში სერბეთზე ტიტულოვანი ნაკრები მსოფლიოში ცოტა თუ მოიძებნება და ამდენად, ქართველი წყალბურთელების ეს გამარჯვება ისტორიას დარჩება.
პირველად ისტორიაში - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფინალის დარი მატჩით დაასრულა. საქართველო-ისლანდიის თბილისურ დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი ითამაშებდა მსოფლიო ჩემპიონატზე. მატჩი დასრულდა ისლანდიის გამარჯვებით - 80:77. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.
პირველად ისტორიაში - საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მესამეადგილოსნების ოთხეულში მოხვდა და კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.
33 წლის შემდეგ პირველად - ქართველმა „ნაპოლის“ ახალი ისტორია დაწერა. „ნაპოლიმ" 33-წლიანი პაუზის შემდეგ, 33-ე ტურში მე-3-ედ მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული!
ქართველი გულშემატკივარი პირველი ტურიდან მოყოლებული ისე ქომაგობდა "ნაპოლის", როგორც - საქართველოს ნაკრებს.
საამაყოა, რომ ამ საყოველთაო ზეიმში არის ქართველი ვარსკვლავის წვლილიც 12 გოლი და 10 საგოლე პასი! დიახ, სერია A-ს პირველივე სეზონში, ერთ-ერთ ყველაზე რთულად სათამაშო ლიგაში...
იმ ლიგაში, სადაც ერთ სეზონში 3-ჯერ გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე, რაც აქამდე არავის ღირსებია. ხვიჩა არა უბრალოდ "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელია, ის არის ჩვენი ქვეყნის არაოფიციალური ელჩიც, რადგან დღეს ფეხბურთი აღარ არის სპორტის ერთი რიგითი სახეობა.