გაირკვა ვინ იქნება ბასილაშვილის პირველი მეტოქე აშშ-ის ღია პირველობაზე

basilashvili

ნიუ იორკში დასრულდა „დიდი სლემის“ მეოთხე ტურნირის – აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირი და გაირკვა ძირითადი ბადის საწყის წრეში ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე.

ტურნირის 31-ე ნომერი მეორე რაუნდში გასასვლელად 22 წლის ჩინელ იბინ ვუს შეხვდება, რომელიც 178-ე ადგილზეა რეიტინგში. აზიელმა კვალიფიკაციის სამ რაუნდში ცნობილი ჩოგბურთელები დაამარცხა – ლიეტუველი ბერანკისი, იტალიელი ტრავალია და ფრანგი მოუტე.

ვუმ და მისმა თანამემამულემ ჟიჟენ ჟანმა ჩინური ჩოგბურთის ახალი ისტორია დაწერეს, რადგან აქამდე აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ძირითად ბადეში არც ერთ ჩინელ ჩოგბურთელს არ ჰქონდა ნათამაშები.

ვუ იუნიორთა დონეზე მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანია. 2017 წელს მან აშშ-ის ღია პირველობა მოიგო იუნიორებს შორის როგორც ერთეულებში, ასევე წყვილებში და გახდა პირველი ჩინელი მამაკაცი, ვისაც „დიდი სლემის“ ტურნირი აქვს მოგებული ნებისმიერ დონეზე.

პირველ რაუნდში წარმატების შემთხვევაში, ბასილაშვილი ამერიკელ ბენ შელტონსა და პორტუგალიელ ნუნო ბორჟესს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.