„დაამტკიცა, რომ გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია“ - ოსიმენი, რომელმაც მესამე გოლი ხვიჩა კვარაცხელიას პასით გაიტანა

კვარა

„ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ და თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა სერია A-ში „ბოლონიასთან“ მოგებული მატჩი შეაფასეს (3:2). დღევანდელმა შეხვედრამ გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეში დააბრუნა და გადაასწრო „ატალანტას“, რომელმაც გუშინ „სასუოლოსთან“ მოიგო.

ოსიმენმა, რომელმაც მესამე გოლი ხვიჩა კვარაცხელიას პასით გაიტანა, ქართველზე ისაუბრა.

„ამ მოგებას გუნდური სულისკვეთებით მივაღწიეთ. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს. სპალეტიმ პირველი ტაიმის მიწურულს კარგად დამმუხტა, სანამ მოედანზე შევიდოდი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი წვლილი შევიტანე მოგებაში და გუნდს დავეხმარე. კვარაცხელიას პასით გავიტანე, რომელიც იმსახურებს ყველა კომპლიმენტს, რომელსაც იღებს, მაგრამ თქვენ ჯერ ბოლომდე არ გინახავთ, რისი გაკეთებაც შეუძლია. ჩვენ უნდა ვენდოთ, რომ კიდევ უფრო თავდაჯერებული გახდეს. მან დაამტკიცა, რომ გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია“. - თქვა ფეხბურთელმა.