კვარაცხელია მიქელანჯელოსავითაა, ის რენესანსის ფრესკების მსგავს საგოლეებს ხატავს - „კორიერე დელო სპორტი“

კვარა

საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი „ნაპოლის“ მთავარი გმირია „ბოლონიასთან“ მოგებული მატჩში (3:2) – ასეთია იტალიური და ევროპული გამოცემების შეფასება. ქართველმა ფეხბურთელმა მეორე გოლი შექმნა, მესამეში კი მისი სტატისტიკა საგოლე გადაცემით შეივსო და მატჩის შედეგზე გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ცნობილი გამოცემების სათაურები და წერილების მოკლე ნაწყვეტები, სადაც ყველა საქართველოს ნაკრების შემტევს გამოარჩევს.

კორიერე დელო სპორტი (იტალია)

„სპალეტის გუნდი „ბოლონიასთან“ მოსალოდნელზე მეტად გაწვალდა, მაგრამ საბოლოოდ, გამარჯვება ოსიმენის გოლის წყალობით მოახერხა. კვარაცხელია გენიოსი და მიქელანჯელოა – ის რენესანსის ფრესკების მსგავს საგოლეებს ხატავს. 20-ე წუთზე ისეთი პასი მისცა პოლიტანოს, მას გატანაღა დარჩენოდა. ოპონენტებს თავბრუდამხვევი მოძრაობებით თავიდან იცილებს. მისი გენიალურობა მეორე გოლზეც გამოჩნდა, რომელიც ლოზანომ გაიტანა. ცხადია, მისი შექმნილია ოსიმენის გოლიც, რომლითაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა“.

ევროსპორტი

„ნაპოლი“ – „ბოლონია“ 3:2. მატჩის მთავარი გმირებში ქულებით ქართველი დომინირებს. ხვიჩა კვარაცხელია დამანგრეველია. მისი დრიბლინგი და პასები პრაქტიკულად შეუჩერებელია. ქართველი „ნაპოლისთვის“ გარდამტეხ მოთამაშედ ჩამოყალიბდა, ის დირიჟორია, რომელიც ნეაპოლელ გულშემატკივრებს აიძულებს, რომ იოცნებონ“.