„ბარსელონამ“ ზედიზედ მეორე კლასიკო მოიგო დიდი ანგარიშით და ესპანეთის სუპერთასს დაეუფლა

ბარსელონა

საუდის არაბეთში ესპანეთის სუპერთასის ფინალის რანგში „ელ კლასიკო“ გაიმართა, რომელშიც „ბარსელონამ“ 5:2 გაანადგურა „რეალი“.

„რეალისთვის“ ყველაფერი კარგად იწყებოდა – მადრიდელებმა უკვე მე-5 წუთზე გახსნეს ანგარიში, როცა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს. ბურთი კილიან მბაპემ წაიღო და თავად გაიტანა.

ამ გოლს პირველ ტაიმში „ბარსელონამ“ ოთხით უპასუხა – ლამინ იამალმა, რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტით, რაფინიამ და ბალდემ ზედიზედ გაიტანეს. პირველ ნახევარში კატალონელებს კიდევ სამჯერ შეეძლოთ გატანა, მაგრამ კურტუა თამაშობდა კარგად.

მეორე ტაიმის სტარტზე რაფინიამ დუბლი შეასრულა – 5:1. 57-ე წუთზე შჩესნიმ საჯარიმოს გარეთ მბაპე წააქცია და წითელი ბარათი მიიღო. იქვე როდრიგომ საჯარიმოდან გაიტანა, მაგრამ „რეალმა“ მეტი ვერ შეძლო და სეზონში მეორედ წააგო „კლასიკო“ დიდი ანგარიშით. მანამდე იყო ლა ლიგაში შინ მარცხი 0:4.