აურელიო დე ლაურენტისი გერმანიაში, ხვიჩა კვარაცხელიასთან შესახვედრად ჩავიდა - ცნობილია, რა მოლაპარაკება შედგა

kvara laurentis

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას გაშვებას არ აპირებს და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „პარტენოპეის“ ხელმძღვანელები გერმანიაში ჩაფრინდნენ, სადაც ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს და „კვარას“ პირადად შეხვდნენ.

ნეაპოლელთა დელეგაცია კლუბის პრეზიდენტით, აურელიო დე ლაურენტისით და მმართველი და სპორტული დირექტორებით, ანდრეა კიაველითა და ჯოვანი მანათი იყო წარმოდგენილი. ისინი კვარაცხელიას დიუსელდორფში შეხვდნენ და ანტონიო კონტეს საფეხბურთო პროექტში მის როლზე გაესაუბრნენ.

დი მარციოს ცნობით, „ნაპოლის“ ხელმძღვანელებმა ქართველ გარემარბს განუცხადეს, რომ იგი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და იტალიელი სპეციალისტის პროექტში ცენტრალური ადგილი უკავია.

მხარეებს საბოლოო შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, მაგრამ „ნაპოლის“ მხრიდან ეს პოზიტიური ნაბიჯი იყო და „კვარა“ გუნდში დარჩენის პერსპექტივით მოხიბლულია.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიასთან გამართული მატჩის შემდეგ, კვარაცხელიამ განაცხადა, რომ „ნაპოლისთან“ დაკავშირებით, გადაწყვეტილებას ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ მიიღებს. მისით „პარი სენ-ჟერმენი“ ინტერესდება და მზადაა, 110 მილიონი ევრო გადაიხადოს.

წყარო: CrystalSport