„ასეთი დაფასება და სიყვარული ხალხისგან, დიდი რამ არის - გვეამაყება, რომ ამ ისტორიის ნაწილი ვართ“ - ოთარ კიტეიშვილი

ოთარ კიტეიშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. მათ დასახვედრად თბილისის აეროპორტში დილიდან შეიკრიბნენ გულშემატკივრები. 

ფეხბურთელებმა უკვე გააკეთეს პირველი კომენტარები და მედიას ემოციები გაუზიარეს. 

გთავაზობთ ნაკრების ფეხბურთელის, ოთარ კიტეიშვილის პირველ კომენტარს:

„სასიამოვნოა და ძალიან მაგარი შეგრძნებებია, მით უმეტეს, ამდენ ხალხს რომ უყურებ, დილაუთენია, როგორ გამოდის და ჩვენ დასახვედრად ემზადება. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ხალხი მოვა საღამოსაც. ძალიან გვიხარია რომ, ეს ყველაფერი საქართველოში ხდება.

ასეთი დაფასება და სიყვარული ხალხისგან, დიდი რამ არის და ამაყები ვართ, რომ ამ ისტორიის ნაწილი ვართ ჩვენ, ყველა“, - თქვა კიტეიშვილმა. 

ფეხბურთელმა მიღებულ ტრავმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მალე გაირკვევა, რა სახის დაზიანება აქვს და როდის შეძლებს გუნდთან შეერთებას.

„ალბათ, გარკვეული დრო დამჭირდება რეაბილიტაციისთვის, გავივლი და გუნდს შევუერთდები. ჯერ არ ვიცით, რა სახის დაზიანებაა, მაგრამ მალე გავიგებთ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და ვცდილობდი კარგად მოვმზადებულიყავი და რომ ვერ ვახერხებდი მონაწილეობას, რთული იყო. პორტუგალიასთან მოვახერხე მონაწილეობა და გავიმარჯვეთ", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

ცნობისთვის, ეროვნული ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობა და საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.