ახალი სტარტი „ვილიარეალის” აკადემიაში - გამორჩეული მოთამაშეები სრული დაფინანსებით ესპანეთში გაემგზავრებიან

giorgi tavberidze

საქართველოში არსებულ “ვილიარეალის” აკადემიაში რეგისტრაცია დაიწყო. 5-დან 15-წლამდე გოგონებსა და ბიჭებს შეეძლებათ ივარჯიშონ და გაიზარდონ “ვილიარეალის” მეთოდოლოგიით. აკადემიის თითოეული წევრი უზრუნველყოფილი იქნება ოფიციალური ეკიპირებითა და ტრანსპორტით.

ყოველწლიურად, გამორჩეული მოთამაშეები სრული დაფინანსებით წავლენ “ვილიარეალის” აკადემიაში – ესპანეთში, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება. მათი გუნდები მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადგილობრივ ტურნირებსა და ჩემპიონატებში, ასევე “ვილიარეალის” მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირებში.

აკადემიის სპორტული დირექტორი, გიორგი თავბერიძის განცხადებით, ესპანური კლუბის შემოსვლა კარგი პროექტია საქართველოსთვისა და ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ქართულ ბაზარზე. მათი გამოცდილება და სავარჯიშო მეთოდოლოგია ბავშვებს მისცემს საშუალებას, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და პოტენციალი.

„ჩვენი მიზანია, ბავშვები ვავარჯიშოთ კომფორტულ გარემოში, კვალიფიციური მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ და გავუხსნათ გზა ვილიარეალის ასაკობრივ და დიდ გუნდში დაწინაურებისთვის.

მუდმივ კონტაქტზე იქნებიან ესპანელები. გააკონტროლებენ სავარჯიშო, სამედიცინო პროცესებს, რათა ხარისხიანი და მაღალი დონის ევროპული ტრადიციები დავნერგოთ ჩვენს სკოლაში.

წელიწადში რამდენჯერმე იგეგმება მათი ჩამოსვლა საქართველოში და სემინარები. ასევე ჩვენი ქართველი ბავშვები გაემგზავრებიან სინჯებზე ესპანეთში, ვინც დააკმაყოფილებს ვილიარეალის დონეს, მარტივად გადავა ესპანურ გუნდში.

ვილიარეალთან კონტაქტი და ხელშეკრულების გაფორმება გენერალურმა დირექტორმა გიორგი შანიძემ მოახერხა. მათი ხედვა და დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ ჩვენთვის საინტერესო და დადებითი აღმოჩნდა, რის შემდეგაც თანამშრომლობა დავიწყეთ“,- ამბობს გიორგი თავბერიძე.