ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის შესახებ საუბრობს.
როგორც აზარაშვილი ამბობს, თუ სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები დაადასტურებენ, რომ სხვაგან არიან დასაქმებულები და არ სურთ საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში ჩართვა, ისინი 4 წლის განმავლობაში არ გადამოწმდებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში.
„მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო საზოგადოებრივი დასაქმების პროექტზე მუშაობა. ამ მიზნით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები, ამ მაგალითებიდან და მათი გამოცდილებიდან გამომდინარე, დღეს უკვე პრემიერმა განაცხადა, რომ მარტიდან აქტიურად ვიწყებთ ამ პროექტს. პროექტი გულისხმობს მუნიციპალიტეტებში, ქალაქებში, სოფლებში 10 ათასობით სამუშაო ადგილს, სადაც ჩვენს შრომისუნარიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შევთავაზებთ სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივ სამუშაოებს. ამ შემთხვევაში, მათ ექნებათ სამი ალტერნატივა.
დაახლოებით ამ 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან, ვფიქრობთ, სულ მცირე 200 ათასი შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველია და სწორედ მათზეა გათვლილი ეს პროგრამა. თუ არიან სადმე სხვაგან დასაქმებული, გააკეთონ ამის ლეგალიზება და იმ შემთხვევაში, თუ დაადასტურებენ, რომ სხვაგან არიან დასაქმებული და არ სურთ ჩვენს საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში ჩართვა, მაშინ ჩვენ ვაძლევთ პირობას, რომ ოთხი წლის განმავლობაში ისინი და თავის ოჯახის წევრები არ გადამოწმდებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში.
ასევე მეორე ალტერნატივა აქვთ, მიიღონ ჩვენი შეთავაზება, აირჩიონ საზოგადოებრივი დასაქმების ერთ-ერთი სამუშაო და თვის განმავლობაში, დამატებით, რასაც სოციალურად დაუცველის სტატუსიდან გამომდინარე იღებს, ის დარჩება და დამატებით კიდევ 300 ლარს მიიღებს. ასევე, ოთხი წლის განმავლობაში, მათაც პირობას ვაძლევთ, რომ არ გადამოწმდებიან და მათი ქულები არ გადაიხედება.
მესამე ალტერნატივაა ის, რომ არ დათანხმდნენ არც ერთზე და ერთი წლის შემდეგ, ჩვენ გადავამოწმებთ მათი ქულების ოდენობას სოციალურად დაუცველთა ბაზაში და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, იყვნენ ამ ბაზაში, თუ არა.
იქიდან გამომდინარე, რომ ორი წლის განმავლობაში იყო გამოცხადებული მორატორიუმი და სოციალურად დაუცველთა ბაზას მხოლოდ ემატებოდა ახალი წევრები, ვფიქრობთ, ასეთი მიდგომა უფრო სამართლიანია და არავის აღარ ექნება კითხვა და პრეტენზია იმაზე, რატომ გადამოწმდა და ამ სიაში აღარ უნდა იყოს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.