„ახლა ცხოველებისთვის კი არა, უმეტესად თავიანთი შვილებისთვის ყიდულობენ" - ბაზარზე მეორადი პური გამოჩნდა

 jpg

სოციალურად დაუცველები საქართველოში განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, მოსახლეობაზე პროდუქტების გაძვირება მტკივნეულად აისახა, მათ შორის არის პური, რომელიც საშუალოდ, 1.20 - 1.30 ლარი ღირს. 

ქვეყანაში განსაკუთრებულად შეჭირვებულმა ოჯახებმა "გამოსავალი" ნახეს და დიდუბეში, ავტოსადგურის მიმდებარედ ცხოველებისთვის განკუთვნილი მეორადი პურის ყიდვა დაიწყეს, რომლისთვისაც განახევრებული თანხა სჭირდებათ.

"პრაიმტაიმი" ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახს ესაუბრა, რომელიც მეორად პურს პატარა შვილებისთვის ყიდულობს... 

"6 შვილი მყავს, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასე გაგვიჭირდებოდა, მაგრამ გაგვიჭირდა. ოჯახში 9 სული ვცხოვრობთ, ჩვენ დღეში 5 პური მაინც გვჭირდება. ჩვენნაირი ოჯახები შიმშილს ძირითადად პურით, მაკარონით და კარტოფილით ებრძვიან. ჩვენთვის ხორცპროდუქტები და მსგავსი ძვირად ღირებული პროდუქტები მხოლოდ ტელეეკრანებზე სანახავი მიუწვდომელი ნივთებია. 

იმის გამო, რომ ზეთი ძალიან გაძვირდა, გამოსავალი უნდა მეპოვა, ყოველდღიური ხარჯვები უნდა შემემცირებინა - ყველაზე მეტი პურის საყიდელი თანხა ჯდებოდა. გავიგე, რომ დიდუბეში მეორადი პური იყიდება და ორ დღეში ერთხელ მივდივარ, ხან 50 თეთრად ვყიდულობ, ხან - 60-ად. ასე გავანახევრე პურის შესაძენი ფულის საჭიროება. 

გამყიდველმა მითხრა, ადრე მაღაზიებიდან გაუყიდველი პური რომ ბრუნდებოდა, დისტრიბუტორები ცხოველებისთვის გვაძლევდნენ, რომ გაგვეყიდა. ახლა, ცხოველებისთვის კი არა, უმეტესად ოჯახები ყიდულობენ თავიანთი შვილებისთვისო, ესაა ჩვენი რეალობა ჯერ "სექანდ ჰენდ" ტანსაცმელი იყო, ახლა "სექანდ ჰენდ" პურია ბაზარზე..." - ამბობს 48 წლის თინიკო. 

"პრაიმტაიმი" აღნიშნულ მისამართზე მივიდა - მეორადი პურის ყუთები ერთ-ერთი ჯიხურის წინ მართლაც დგანან  - წარწერით: "ძველი პური" და მყიდველს ელოდებიან...