შრი-ლანკაზე გადასული ქართული ბენდი და ერთ ღამეში მოსული წარმატება - რას გვიყვებიან Mechanical Rainbow-ს წევრები

reinbou

Tbilisi Open Air-ზე მსმენელის ბევრ ფავორიტ შემსრულებელთან ერთად, მთავარ სცენას, ბენდი Mechanical Rainbow დაიკავებს.

ბენდი, რომელიც ბოლო დროს შრი-ლანკაზე დუეტის სახით აგრძელებს მუსიკალურ შემოქმედებას, თბილისში მსმენელის წინაშე პირვანდელი შემადგენლობით წარდგება.

ბენდის მუსიკალური კომპოზიციები მუსიკალურ პლატფორმებზე დიდი მოწონებით სარგებლობს. ბენდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა - "Sevda Narevi", რომლის განახლებულმა ვერსიამ Mechanical Rainbow-ს ხელახალი პოპულარობა მოუტანა. 

 

ცოტნე ბაღდავაძე და დადუ დონაძე საყვარელი საქმის სიყვარულმა სამშობლოდან შორს, ფერად და მზიან შრი-ლანკაზე მოახვედრა. როგორც ბიჭები "პრაიმტაიმთან" ამბობენ, კლიმატი და გარემო მათი ინსპირაციის ნაწილია და თავს შემოქმედებითად დატვირთულად გრძნობენ.  

სხვა დანარჩენს ცოტნე და დადუ თვითონ გვიყვებიან.

დადუ დონაძე: ბენდის სახე 2018 წელს მივიღეთ, როდესაც ჩვენი სახელით, მუსიკალურ პლათფორმებზე, პირველი სიმღერა დავდეთ. თავიდან კი იმით დაიწყო, რომ გიტარისტმა დათომ და ცოტნემ შექმნეს ბენდი, მერე მეც შევუერთდით. პირველ სიმღერას Asylum ჰქვია, რომელიც იუთუბიზე და სფოთიფაიზე განთავსდა და დიდი წარმატება მოჰყვა.

ჩვენ არანაირი მუსიკალური განათლება არ გვაქვს გარდა იმისა, რომ მშობლებმა ჩვენს კლასიკურ განათლებაზე იზრუნეს. ისეთი მუსიკის კეთება დავიწყეთ, რაც ჭეშმარიტად გვსიამოვნებდა. მალევე ვიგრძენით მსმენელისგან თბილი დამოკიდებულება და ინტერესი. მერე რამდენიმე სიმღერა დავდეთ, პირველი ლაივ კონცერტი ჩავატარეთ. მათ შორის იყო საქველმოქმედო ლაივებიც. უნივერსიტეტის ბიჭებს (მე სამედიცინოზე, ცოტნე არქეოლოგიაზე სწავლობდა) წარმოდგენაც არ გვქონდა, სცენა რა იყო. და უცებ ხალხის წინაშე დავუკარით, მათ კი მოეწონა ჩვენი შემოქმედება. ცხრა-ათი სიმღერა შევასრულეთ. ეს ყველაფერი უცნაური იყო. 

სიმღერას ძირითადად მე და ცოტნე ვწერდით. დროთა განმავლობაში კომპოზიციები გაიფილტრა. თუმცა, შრი-ლანკაზე გამგზავრებამდე, სიმღერები მაინც კოლექტიური ძალისხმევით იწერებოდა და ამაში მონაწილეობას ნინი ბენდიანიშვილი (კლავიში) და დავით შავდათუაშვილიც (გიტარა) იღებდნენ.

ცოტნე ბაღდავაძე: 2021 წლამდე ხუთი წევრისგან შედგებოდა ბენდი. შემდეგ უკვე გარდამტეხი პერიოდი დაგვიდგა. საქართველოში ხელოვნების ბედი როგორიც არის, ვიცით. ბენდის წევრების ინტერესები პროფესიული სფეროებისკენ გადაიხარა. ჩვენ, მე და დადუ იმდენად შეპყრობილნი ვართ მუსიკითა და ხელოვნებით, რომ შრი-ლანკაზე წამოსვლა გადავწყვიტეთ.

ასე შემოგვეპარა მუსიკა და ჩვენი ცხოვრების ძირითად ნაწილად გადაიქცა. 

დადუ: შრი-ლანკაზე წელიწად ნახევრის წინ გავემგზავრე. 

დედა საზღვარგარეთ ცხოვრობს დიდი პერიოდია, ერთ პერიოდში ის თავისი საქმიანობით აღმოჩნდა ინდოეთში. ის მეყველეა. შრი-ლანკის ბაზარზე ევროპულ და მათ შორის, ქართულ ყველს აკეთებს. მე მასთან ჩამოვედი ერთი თვით. მაგრამ აქაურობამ სხვანაირად მიმიზიდა და დარჩენა მომინდა. ეს ყველამ გამიგო. ბენდში ბავშვობის მეგობრები ვართ და მალევე გადაწყდა, რომ ცოტნეც აქ უნდა ჩამოსულიყო. და ასე დავიწყეთ ჩვენი ბავშვობის ოცნებისკენ მიმავალ გზაზე სვლა, რომ ამერიკასა და ევროპაში ჩვენი მუსიკით წარმოვჩინდეთ.

ცოტნე რვა თვე იყო ჩემთან ერთად. ამ პერიოდში არაერთ ალბომზე ვიმუშავეთ. დაგროვდა ბევრი მასალა. ჩვენი პირველი სიმღერა მსმენელმა კარგად მიიღო. 

რა არის იმისთვის საჭირო, რომ თავი დავიმკვიდროთ? - კარგი მუსიკა, შესაბამისი ფრომოუთინგი და ასე შემდეგ. ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობთ, დრამზე დაკვრა ვისწავლე, ცოტნე რომ ჩამოვიდა, მას ვასწავლე. 

ცოტნე: შრი-ლანკა შემოქმედებაში გვეხმარება. ჩვენი მუსიკა ბუნებასთან და ყვავილებთან ასოცირდება. ჩვენი თავი ყვავილებში ვიპოვეთ. სულ კარგი ამინდია და ესეც მოქმედებს ჩვენზე, კარგ განწყობაზე ვართ, ხალისიანნი და უფრო პროდუქტიულნი.

დადუ: ინსპირაცია აქვე გვაქვს, საძებნელი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბი მხარეა, ხალხი კეთილია, ჰუმანურები არიან. თანამედროვე მსოფლიოში მიდგომები იცვლება და ლამის ადვოკატის გარეშე ვერ ისაუბრო, რომ შემთხვევით ვიღაცას შეურაცხყოფა არ მიაყენო. აქ უშუალობა, პატივისცემაა, სიმწვანეა, მზეა... რასაც დავკვირვებივარ, თბილ ქვეყნებში თბილი ხალხია და პირიქით, ცივ ქვეყნებში შედარებით ცივი. 

ცოტნე: აქ ყოფნა იმაშიც გვეხმარება, სიმღერაზე ვიდეოს გადაღება რომ გვინდა, თუნდაც ჩვენს ეზოში რომ გახვიდე, იმდენი ბანანის და ქოქოსის ხეა მაიმუნებით და ფარშევანგებით, რომ სიხარულით ვიღებთ. ეზოში არის ბანანის ხე, რომელსაც მაიმუნები სტუმრობენ და ჭამენ. დღის მანძილზე, თუ არ წვიმს, ფრინველები და ცხოველები ერთად მოდიან. ანუ ვიზუალური მასალებიც მოგვიგროვდა. 

დადუ: სიმღერა SevdaNarevi გვქონდა, როდესაც შრი-ლანკაზე ჩამოვედით. სიმღერა მსმენელთან პირველად, არ რეზონირდა. მაგრამ მახსოვს, ცოტნეს ვუთხარი, ეს სიმღერა თავის გზას იპოვის-მეთქი. შემოქმედს სიმღერასთან მისტიკური კავშირი გაქვს. გვინდოდა ამ სიმღერის განახლება და მისთვის 40 წამიანი ვიდეო გადავიღეთ. და ტიკ-ტოკზე გამიზნულად ქართველი მსმენელისთვის დავდეთ. მეორე დღეს გავიღვიძეთ და 40 ათასი ნახვა ჰქონდა. თან დიდი სიყვარული გამოხატეს. იუთუბისა და სფოთიფაიზე სტატისტიკა რომ ნახოთ, სულ მაღლა და მაღლა ადის. გვაქვს სიმღერები, რომელშიც მხოლოდ ინგლისური ტექსტია, და სიმღერები, სადაც ქართულის და ინგლისურის ნაზავია. 

ერთი სიმღერით არ წყდება წარმატება, საჭიროა აქტიურობა, ყოველთვიურად ახალი სიმღერის დადება, კომუნიკაცია და ლაივები. გვინდა ჩვენი სიმღერით ადამიანებს ჩავეხუტოთ. 

რაც შეეხება ჟანრს. ჟანრის დარქმევა თანამედროვეობაში რთულია. თუმცა ძირითადად, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ჟანრი ინდიპოპის, ბედრუმპოპის და მოდერნ ფსიქოდელიას შუაშია. ვქმნით ჩვენს ესთეტიკას. სად წაგვიყვანს სიმღერა, არ ვიცით, თამაშივითაა. ჩვენც მივყვებით.

ავსტრალიური მუსიკალური სივრციდან დიდ ინსპირაციას ვიღებთ. ძალიან კარგი და ჩვენთვის მუსიკალურად საინტერესო ქვეყნებია - საფრანგეთი, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი. 

ცოტნე: ჩვენ სიმღერას ვაძლევთ ას პროცენტს. მას შემდეგ ან ყველაფრის შანსი აქვს, ან არაფრის. ეს მსმენელის გადასაწყვეტია. მთავარია, მესიჯი სწორად მივიდეს მსმენელთან. 

ახლა პირველ ალბომზე ვმუშაობთ. სოციალურ ქსელს როგორც უყვარს, ასე, ნელ-ნელა გამოვიტანთ ნაშრომს სააშკარაოზე, ერთი სიმღერა ერთი თვე, მეორე - მეორე თვე და ასე; ვიდეოები, მიმართვა. დროში თავს არ ვიზღუდავთ. სტრესში და დედლაინებში მუშაობა არ გვიყვარს. 

ჩვენ გვაქვს ფუფუნება, რომ მხოლოდ ჩვენი საყვარელი საქმე ვაკეთოთ. 

აქ ისეთი გარემოა, რომ შემოქმედებითად ძალიან გვეხმარება.  

ჩვენს მსმენელს კი 24 ივნისს შევხვდებით Tbilisi Open Air-ზე. ზაფხულშიც გვექნება მუსიკალური სიურპრიზები. ასე რომ, თვალი გვადევნეთ.