ახალგაზრდა წყვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1775332639
დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ქვეყანას არ დაემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
„დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა. დღესვე უნდა ვუპასუხოთ ამ შეკითხვას. ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული. როდესაც ვსაუბრობთ ჰიდროელექტროსადგურებზე, 2800 მეგავატია საპროგნოზო მაჩვენებელი, ათწლიან პერსპექტივაში, აქედან დაახლოებით 1900 მეგავატი მოდის სწორედ დიდ ჰესებზე. ყველაფერი დათვლილი გვაქვს. ამიტომ, ვამბობთ, რომ თუ არ დაგვემატება დაახლოებით 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. მით უმეტეს ვერ იქნება სტაბილურობა უზრუნველყოფილი მზის და ქარის ენერგიის ხარჯზე“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა საბოტაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც დაუშვებელია.
„ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების და სხვადასხვა სექტორის ჩართულობა, თუმცა ეს ყველაფერი არ უნდა გადაიზარდოს საბოტაჟში. იყო შემთხვევები, როდესაც ხალხი გამოიყვანეს, უმეტესობა, დარწმუნებული ვარ, გულწრფელად გამოვიდა, მაგრამ ორგანიზებული იყო ვიღაცების მხრიდან. დაახლოებით მილიონი დოლარი გამოართვეს კონკრეტულ კომპანიას. ვიღაცას ჩაუჯდნენ წილში, ეს სამწუხაროდ დამკვიდრებული პრაქტიკაა. გამოჰყავთ ვიღაცებს ადამიანები, შეცდომაში შეჰყავთ მოქალაქეები, მათ ემოციებზე თამაშობენ, მერე უზრუნველყოფენ მათ დაშოშმინებას, რის სანაცვლოდაც იღებენ ან ფულს, ან წილებს კონკრეტულ ჰესებში. ასეთ რამეს სახელმწიფო აღარასოდეს აღარ დაუშვებს. სადაც დაცულია ობიექტურად ყველანაირი ინტერესები, აუცილებლად ყველა პროექტი განხორციელდება. ასეთ პრეცედენტებს, როდესაც ვიღაცა ვიღაცას აშანტაჟებს, წილში უჯდება, და უფრო ფართო ინტერესი აქვს - საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ამიტომ, ჩვენი მიდგომა არის ასეთი - ძალიან ფართო ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი, მაგრამ საბოტაჟი არავითარ შემთხვევაში არ იქნება დაშვებული“, - განაცხადა პრემიერმა.