დავით ქართველიშვილი: ყოფილი კუდელების კუდები ჯერ კიდევ ჩანს საქართველოში - სუსისა და შს სამინისტროს აქტიური მუშაობის შედეგად ეს ჯგუფი განეიტრალებულია

დავით ქართველიშვილი

4 ოქტომბრის განუხორციელებელი სახელმწიფო გადატრიალების მესვეურებს ძალიან აღიზიანებთ ჩვენი სპეცსამსახურების ეფექტური მუშაობა, რამაც ფაქტობრივად ჩაშალა ყველა ის დესტრუქციული და ტერორისტული გეგმა, რომელიც ჩაფიქრებული იყო ამ დღისთვის, - ასე ეხმიანება ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებას, სადაც ბარამიძემ ეჭვ ქვეშ დააყენა სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ამოღებული იარაღის არსენალის კავშირი 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციასთან.

ექსპერტის თქმით, სუსის და შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობის შედეგად ყოფილი კუდელების ჯგუფი, რომლებიც დივერსიას გეგმავდნენ განეიტრალებულია.

„4 ოქტომბრის განუხორციელებელი სახელმწიფო გადატრიალების მესვეურებს ძალიან აღიზიანებთ ჩვენი სპეცსამსახურების ეფექტური მუშაობა, რამაც ფაქტობრივად ჩაშალა ყველა ის დესტრუქციული და ტერორისტული გეგმა, რომელიც ჩაფიქრებული იყო ამ დღისთვის. ვნახეთ ტყის მასივში აღმოჩენილი და სწორედ რუსთაველის გამზირზე გასატანად გამიზნული დიდი რაოდენობით შეიარაღება. როდესაც გვესმის „ნაცმოძრაობის“ ცნობილი ჯალათების და კრიმინალების მხრიდან ცინიკური კომენტარი, რომ თუ ეს შეიარაღება რუსთაველის გამზირისთვის იყო გამიზნული, რა უნდოდა ამ იარაღს ტყეში? ამ კითხვას ისინი არ ამატებენ, რომ სწორედ სუსის წარმატებული მუშაობის შედეგად აიყვანეს ის დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ამ იარაღის მიტანა რუსთაველის გამზირზე და მისი დარიგება აქციის მონაწილეებისთვის. მათ სათავეში კი იდგა ვინმე შამახია. სუსმა დააკავა ორგანიზატორი, რომელიც აღმოჩნდა ყოფილი კუდის თანამშრომელი და რომელსაც ჰყავდა შიკრიკებად სწორედ ის ადამიანები, რომელთაც უნდა შეეტანათ ტყეში გადამალული იარაღი რუსთაველის გამზირზე. ყოფილი კუდელების კუდები ჯერ კიდევ ჩანს საქართველოში - სუსის და შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობის შედეგად ეს ჯგუფი განეიტრალებული იქნა“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.