„პანემში ვბრუნდებით“ - ნახეთ შიმშილის თამაშების ახალი ფილმის თრეილერი

შიმშილის თამაშები

ლეგენდარული დისტოპიური საგა, რომელმაც წლების წინ მოგვნუსხა და თავდავიწყებით შეგვაყვარა თავი, დიდ ეკრანებზე ბრუნდება - შიმშილის თამაშების ახალი ფილმის პრემიერამდე სულ რამდენიმე თვეღა რჩება!

სანამ შემოდგომის მიწურულს ფილმს ვიხილავდეთ, კინოკომპანია Lionsgate-მა უკვე გაავრცელა მისი პირველი ტრეილერი, რომელსაც ისტორიის ერთგული გულშემატკივრებისგან მთელ მსოფლიოში აღფრთოვანებული გამოხმაურება მოჰყვა. ფილმი, სახელწოდებით The Ballad of Songbirds & Snakes ("ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე") შიმშილის თამაშების დანარჩენი ფილმების ერთგვარი წინაისტორიაა, რადგან მასში მოქმედება ქეთნის ევერდინის ეპოქამდე ათწლეულებით ადრე ვითარდება ახალგაზრდა კორიოლანუს სნოუს (მომავალი პრეზიდენტი სნოუს) გარშემო.

„ყოველ თამაშს ჰყავს გამარჯვებული, ყოველ შეწირულს ამბავი აქვს, ხოლო ყოველ საგას დასაწყისი მოეპოვება", - ამ სიტყვებით იწყება ეპიკური ისტორიის ახალი ფურცელი. ამასთან, ტრეილერით შესაძლებლობა მოგვეცა, იმ მსახიობებისთვის მოგვეკრა თვალი, რომელთა გამოჩენასაც ფილმში ყველაზე მეტად ველოდით.

მაგალითად, დასაწყისშივე ვხედავთ ოსკაროსან ვაიოლა დევისს, რომელიც ფილმში მთავარ ბოროტმოქმედს, რიგით მე-10 შიმშილის თამაშების შემქმნელ დოქტორ ვოლიუმნია გალს განასახიერებს. ტრეილერში ასევე ვხედავთ Euphoria-ის ვარსკვლავ ჰანტერ შაფერს, რომელიც ფილმში კორიოლანუსის ბიძაშვილისა და მესაიდუმლის, ტიგრის სნოუს, როლს ასრულებს.