1753124114
ნეტფლიქსმა სერიალის შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტი პირველად გამოიყენა

სტრიმინგ გიგანტმა ნეტფლიქსმა თავის საქმიანობაში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) დანერგვა დაიწყო. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, უახლესი ტექნოლოგია მათ ფულსაც დააზოგვინებს და უკეთეს ხარისხსაც მიაღებინებს.
როგორც ცნობილი გახდა, არგენტინულ საი-ფაი სერიალში El Eternauta ერთ-ერთი სცენა სწორედ ხელოვნურმა ინტელექტმა დააგენერირა. უფრო ზუსტად, ბუენოს-აირესში მდებარე შენობის აფეთქება სპეცეფექტებზე მომუშავე გუნდმა სწორედ გენერაციული AI-ის დახმარებით გააცოცხლა ეკრანზე.
ნეტფლიქსის ერთ-ერთი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ტედ სარანდოსი, ამტკიცებს, რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ უფრო იაფად კი არა, უკეთესადაც ართმევს თავს დაკისრებულ მისიას.
"AI ხელსაწყოების გამოყენებით, [სერიალზე მომუშავე გუნდმა] დაუჯერებელი სისწრაფით მიაღწია არაჩვეულებრივ შედეგს", — ამბობს სარანდოსი, — "ფაქტობრივად, სპეცეფექტებზე მუშაობის დრო 10-ჯერ შემცირდა. ხელოვნური ინტელექტის გარეშე, ბიუჯეტში [ტრადიციული] სპეცეფექტებისთვის საკმარისი თანხა ვერც გამოიყოფოდა".
ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებით ინდუსტრიასთან დაკავშირებამ ცხარე კამათი და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების შეშფოთება გამოიწვია. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ბევრს მსჯელობენ, შეეხება იმას, თუ რამდენად შესაძლებელია, ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანები ჩაანაცვლოს ამა თუ იმ პოზიციაზე. თუმცა, ნეტფლიქსის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში AI მხოლოდ ხელსაწყოა, რომელიც ფილმის თუ სერიალის შემქმნელებს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.
"ნამდვილი ადამიანები ნამდვილ სამუშაოს ასრულებენ, უბრალოდ, უკეთესი ხელსაწყოებით", — ამატებს სარანდოსი.
ხელოვნური ინტელექტი და ხელოვნება
წინა წლის დასაწყისში იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსის, აკუტაგავას პრემიის, გამარჯვებულმა განაცხადა, რომ წიგნი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაწერა, რასაც ინტერნეტში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ბერლინელმა ფოტოგრაფმა ბორის ელდაგსენმა 2023 წელს Sony-ის ფოტოკონკურსში ხელოვნური ინტელექტის გენერირებული სურათით გაიმარჯვა, მაგრამ პრიზზე უარი თქვა. ელდაგსენის თქმით, ამ ქმედებით მას საკითხზე დისკუსიის გამოწვევა სურდა.
ხელოვნური ინტელექტის მიერ ხელოვნების სფეროსთვის საფრთხის შექმნის პოტენციალით მწერლებმაც გამოთქვეს შეშფოთება. რამდენიმე მათგანმა, მათ შორის, ჯორჯ რ.რ. მარტინმა და ჯოდი პიკომ, 2023 წელს ერთობლივი დავაც წამოიწყო ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის, წინააღმდეგ.
მწერლების თქმით, კომპანია ენის მასშტაბური მოდელების შესაქმნელად უნებართვოდ იყენებს საავტორო მასალებს. ამასთან, 10 ათასზე მეტმა მწერალმა, მათ შორის ჯეიმზ პეტერსონმა და მარგარეტ ეტვუდმა, ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიას მოუწოდებს, სისტემების გასაწვრთნელად მათი ტექსტების გამოყენებამდე ნებართვა აიღონ და სათანადო კომპენსაციაც გადაუხადონ.