„ისტორიული დღეა ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის“ - ლაშა მძინარაშვილმა „კინგს მენში“ შესრულებული ბრძოლის სცენისთვის ჯილდო მიიღო

ლაშა მძინარიშვილი

ტაურუსის კასკადიორთა მსოფლიო დაჯლიდოებაზე საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორიაში ფილმმა King's Man-მა გაიმარჯვა. ამასთან, ჯილდო გადაეცათ ლაშა მძინარაშვილს, ტომ ჰატს, ტროი კენჩინგტონს, ენდი ლაისტერსა და კალი ნელეს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ქართველმა სოციალურ ქსელშიც დაწერა.

„არ ვიცი მომეცემა თუ არა დღეს ამ სიტყვის წარმოთქმის ბედნიერება , თუმცა საჯაროდ ჯერ აქ ვიტყვი საქართველოსთვის! თქვენთვის!

საღამო მშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, ჩემი ოცნება ახდა! დღეს ისტორიული დღეა ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის, Sakartvelo - Georgia!

მე ვარ პირველი ქართველი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, რომელიც ჰოლივუდში ამ ჯილდოს ვიღებ. ბედნიერი ვარ, რომ ამაღამ აქ ვდგავარ თქვენთან ერთად. ეს იყო გამოწვევებით სავსე მოგზაურობა და აი ჩვენ აქ ვართ ამაღამ!

მინდა მადლობა გადავუხადო Taurus Award-ის წევრებს ჩემი ნომინაციისთვის, King's Man-ის მთელ გუნდს , ყოველთვის მხარდაჭერისთვის, ჩემს ძვირფას ოჯახს, ჩემს მეგობრებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს უსაყვარლეს მეუღლეს, რომელიც უკვე მესამე შვილზეა ორსულად და გუშინ დაბადების დღე ჰქონდა, გვანცა გილოცავ დაბადების დღეს, მიყვარხარ! მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ქვეყანას, საქართველოს პრეზიდენტს და კულტურის სამინისტროს, რომ მხარში მიდგანან მთელი ამ ხნის განმავლობაში და ჩემს ძვირფას მეგობარს ბაჩანა ჭანტურიას, რომელიც ასევე მუშაობდა ჩემთან ერთად ლონდონში და ეს ერთად გავაკეთეთ! ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართული ცეკვის ელემენტები ბრძოლის სცენაზე გამოიყენეს და ასეთი უნიკალური სახით წარმოადგინეს.

სიტყვები ბოლომდე ვერ ამტკიცებს, თუ რამდენად მადლიერი ვარ ახლა.

უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ძვირფას ბატონ ბრედ ალანს, რომელიც ჩვენთან აღარ არის და პატივისცემით მინდა წუთიერი დუმილით გავიხსენო და პატივი მივაგოთ მას... გმადლობთ!“,- დაწერა ლაშა მძინარიშვილმა.

King's Man-მა ტაურუსის ჯილდო მიიღო სცენისთვის, რომელშიც რასპუტინი ებრძვის ოქსფორდს, ქართული ცეკვის მოძრაობებით.