Exclusive: ამერიკელი ვარსკვლავი, რომელიც ალექსანდრე ზაზარაშვილზე იმედებს ამყარებს - "ისე მაქებს, როგორც უკვე ვარსკვლავს"

zazarashvili

ალექსანდრე ზაზარაშვილი ორი დღის წინ, ნიუ-იორკის ძალიან პრივატულ დახურულ ღონისძიებაზე აღმოჩნდა, სადაც ის American Idol-ის ჟიურის წევრებს შეხვდა. ეს იშვიათად ხდება. იღბალსა და საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრაში, ყველას როდი უმართლებს. გამართლებაა ისიც, რომ ამერიკაში ცნობილ ვოკალის პედაგოგთან აღმოჩნდები. მეორე წელია ალექსანდრე შეროლ პორტერთან მეცადინეობს, რომელიც საკუთარი მეთოდიკით ამერიკელ მომღერლებს ვოკალში ავარჯიშებს, ქუჩაში კი ფანებისა და გულშემატკივრების არმია დაჰყვება.

"ჩიკაგოდან ნიუ-იორკში ჩამოვიდა და მომწერა, მოდი, მნახეო. მივედი სასტუმროში და მითხრა, რომ "ამერიკული აიდოლის" დახურულ ფართიზე იყო მიწვეული და... მთხოვა მასთან ერთად წავსულიყავი. ძალიან ლიმიტირებული შეკრება იყო. დაახლოებით 25 ადამიანი იქნებოდა, სულ ვარსკვლავები. შეროლიც ვარსკვლავია და მას, ჰოლივუდის ვარსკვლავებით დაწყებული, ამერიკის მასშტაბით, ნებისმიერი, ცნობილი თუ არაცნობილი ადამიანით დამთავრებული, ყველას ასწავლის ვოკალს" - უყვება ალექსანდრე "პრაიმტაიმს".

ნიუ იორკის პატარა ღამის კლუბში მისული 16 წლის "უცნობი" სტუმარი დაცვას მანამ არ შეუშვია, სანამ არ გაიგეს, რომ უკრაინული "ვოისის" გამარჯვებულია და ასაკის მიუხედავად წარმატებულია.

ალექსანდრე ზაზარაშვილი: ათი ადამიანი იცავდა კლუბის გარე პერიმეტრს, ჩიტი ვერ შეფრინდებოდა სიის გარეშე.  ძალიან დახურული და გასაიდუმლოებული ფართი იყო, ყოველგვარი ხმაურის, წითელი ხალიჩისა და ყურადღების გარეშე.

ჩვენი მისვლიდან რამდენიმე წუთში მოვიდნენ "ამერიკული აიდოლის" ჟიურის წევრები. დაინახეს თუ არა შეროლი, პირველად მასთან გაჩნდნენ. მან გამაცნო ყველა და საუკეთესო წარდგენა გამიკეთა.

როდესაც ქეითი პერიმ გაიგო, რომ უკრაინული "ვოისის" გამარჯვებული ვიყავი, მითხრა, ჩემი საქმრო უკრაინაშია, ზელენსკისთან აქვს შეხვედრაო. მერე უკვე ქეითიმ გამაცნო დანარჩენი ჟიურის წევრები... ლაიონელ რიჩი ჩამეხუტა, მკითხა, თავს როგორ გრძნობო? მე ავუხსენი, რომ ვიყავი საქართველოდან, სადაც უკრაინის მსგავსი სიტუაცია გამოვიარეთ. თბილად შემხვდნენ. კოქტეილებს აკეთებდნენ, ხუმრობდნენ და შინაურული საღამო იყო. გამიხარდა, რომ სწორედ ამგვარ არაოფიციალურ გარემოში მოვხვდი ამხელა ვარსკვლავებთან და სიტუაცია თავისუფლად საუბრის საშუალებას იძლეოდა.

შეროლი იქ ისე მაქებდა და ჩემზე ისე საუბრობდა, თითქოს მე ვიყავი ვარსკვლავი და არა ისინი. 

ჩემი პედაგოგი ჩემით აღფრთოვანებულია, ჩიკაგოში თავის სახლშიც მიმიწვია. ძალიან ლამაზი სახლი აქვს. 

სოციალურ ქსელში 25 მილიონი გამომწერი ჰყავს, უამრავ ბავშვს ამეცადინებს. მაგრამ მე ვგრძნობ, რომ ჩემდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ერთად მივდიოდით და თაიმ სკვერზე უამრავი ადამიანი ელოდა, რომ ფოტო გადაეღოთ მასთან და ავტოგრაფი აეღოთ.

ვოკალში ვის არ ამზადებდა... აი, მხოლოდ ლუჩანო პავაროტი და მერაია ქერი რომ დავასახელო, ალბათ, საკმარისი იქნება... ნიჭიერია, მასთან კონტაქტით ბევრს ვსწავლობ. იმდენად ძლიერი ენერგეტიკა აქვს, სულ რომ არაფერი აკეთოს, გაძლევს მოტივაციას და ინსპირაციას, რომ არ გაჩერდე. თავის ასისტენტს ჩემზე უთხრა, იმდენად თავდაუზოგავად მშრომელი ადამიანია, მე ვიღებ მისგან ინსპირაციას და მოდუნების საშუალებას არ მაძლევსო. ეს უდიდესი სტიმულია ჩემთვის. ჩემზე იმედებს ამყარებს. მეუბნება, რომ მაქვს ის ერთადერთი და ჩემთვის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმი, რისი აღწერაც არ შეიძლებაო. 

13 წლის ვიყავი, როდესაც ამერიკაში ჩამოვედი და გარდატეხის ასაკმა ხმა შემიცვალა. დავინახე, თუ როგორ შეიცვალა გარშემო მყოფთა ჩემდამი დამოკიდებულება. შეროლი მაგ პერიოდში გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა მხარდაჭერა მჭირდებოდა. შთამაგონა, რომ მე შევძლებდი.

ვმუშაობ სხვადასხვა აგენტებთან და პროდიუსერებთან ერთად, მათ შორის მუსიკალური პროდიუსერთან, ინვიდა მიუზიქთან.

2 აპრილს ნუცა შანშიაშვილის კონცერტზე ჩემს დაწერილ  სიმღერას შევასრულებ, რომელიც ჩემი ალბომიდანაა. ახლა ჩემი ტურნეა ამერიკის მასშტაბით. ტურნე სახელწოდებით "ბიჭი ოცნებით" შემოდგომის ბოლოს, ნიუ-იორკში სრულდება. ახალი ტურნე კი ჩემი სადებიუტო ალბომის პრეზენტაციით გაიხსენება. ნოემბრის ბოლო კონცერტი შეროლ პორტერს მიეძღვნება. 

დღემდე მომყვება ჩემს ქვეყანაში ტაძრებიდან წამოღებული მადლი, ღმერთი სწორი გზებით მატარებს. ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ ხდება, უმიზეზოდ არაფერი გვხვდება ცხოვრების გზაზე. შემთხვევითაც არაფერი ხდება. იმ დახურულ ფართიზეც ხომ ღვთის ნებით აღმოვჩნდი. ერთ ფაქტს მოგიყვებით. რომ გამოვედი კლუბიდან, იქ დაგროვილ ემოციებს ვერავის ვუზიარებდი, ჩემებს ეძინათ საქართველოში, ავდექი და ტაქსის მძღოლს ვუამბე. არაბი აღმოჩნდა და მითხრა, დღეს მუსულმანური დღესასწაული გვაქვს და ვილოცებ შენთვისო. მთელი ღამე იმ ერთი მძღოლის გარდა, არავინ იცოდა ჩემი ამ ზღვა ემოციის შესახებ. 

მინდა, როდესაც საქართველოში ჩამოვალ, ტურნე მქონდეს. ყველაფერი მენატრება... მძაფრი ნოსტალგია მაქვს... ჩამოსვლის დროც მოვა.