1779191900
90-იანების ლეგენდარული ჯგუფი Aqua დაიშალა
ცნობილმა დანიურ-ნორვეგიულმა პოპ-ჯგუფმა AQUA, რომელიც მსოფლიომ ჰიტით Barbie Girl გაიცნო, დაშლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ განცხადებაში, მუსიკოსებმა აღნიშნეს, რომ AQUA-ს, როგორც ცოცხალი ბენდის ისტორია დასრულდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ერთობლივად და მეგობრულად მიიღეს. მათი თქმით, ახლა საუკეთესო მომენტია დასამშვიდობებლად, სანამ მოგონებები და ერთმანეთის მიმართ სიყვარული ჯერ კიდევ ხელუხლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის პოპულარობის პიკი 90-იან წლებზე მოდის, 2023 წელს მათმა შემოქმედებამ ახალი სიცოცხლე შეიძინა. რეპერებმა ნიკი მინაჟმა და Ice Spice-მა ფილმ „ბარბისთვის“ შექმნეს ტრეკი Barbie World, სადაც ჯგუფის ლეგენდარული ჰიტის სემპლი გამოიყენეს.
AQUA 1995 წელს დაარსდა. მსოფლიო მასშტაბით მათ 33 მილიონზე მეტი ალბომი აქვთ გაყიდული, ხოლო ისეთმა ჰიტებმა, როგორებიცაა Doctor Jones, Turn Back Time, My Oh My და Cartoon Heroes, ისინი პოპ-კულტურის ისტორიაში სამუდამოდ ჩაწერა. ბოლო წლებში ჯგუფი ტრიოს სახით (რენე დიფი, სორენ რასტედი და ლენე ნისტრიომი) გამოდიოდა, მას შემდეგ, რაც 2016 წელს პროექტი მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კლაუს ნორინმა დატოვა.










