2Pac-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავს გაუხსნიან

2Pac

2Pac-ს, გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ, ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავს გაუხსნიან. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

რეპერის ვარსკვლავი ლოს-ანჯელესში 7 ივნისს გამოჩნდება. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მომღერლის, თუფაქ შაკურის ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში რიგით 2 758-ე იქნება. გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას რეპერის და, სეკიივა შაკური დაესწრება. ცერემონიას ლოს-ანჯელესის რადიოწამყვანი, Big Boy უხელმძღვანელებს, ხოლო მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან რეჟისორი ალენ ჰიუზი და მწერალი ჯამალ ჯოზეფი.

ცნობისთვის, 2Pac, იგივე თუფაქ შაკური, ამერიკელი რეპერი, მსახიობი, აქტივისტი და მწერალი იყო. ჟურნალმა Rolling Stone-მა, ისევე, როგორც ბევრმა სხვა გამოცემამ, თუფაქი ყველა დროის საუკეთესო შემსრულებელთა სიაში შეიყვანა. იგი ხშირად სახელდება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს და გავლენიან რეპერად. საკუთარი შემოქმედებით ის ხაზს უსვამდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სოციალური უსამართლობა, სიღარიბე, რასიზმი, პოლიციის სისასტიკე, დისკრიმინაცია და ა.შ.

თუფაქ შაკური 1996 წლის 7 სექტემბერს, 25 წლის ასაკში, ლას-ვეგასში ოთხი გასროლით მოკლეს. გამოძიება მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ეჭვმიტანილი დასახელდა, საქმე დღემდე გაუხსნელი რჩება.