ვინ გააჩინა მიზანმიმართულად ხანძარი კორპუსში, რომელსაც ესპანეთში სამტრედიელი ძმები შეეწირნენ - ესპანური მედია

webp

სამტრედიელი ძმების, გიორგი და საბა მატარაძეების ბარსელონაში ტრაგიკულად დაღუპვის ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა. ბიჭები ესპანეთში 2 თვის წინ ჩავიდნენ და იქ ბიზნესის დაწყებას გეგმავდნენ, თუმცა მათი დიდი გეგმები საშინელმა ტრაგედიამ იმსხვერპლა - საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის დროს, სავარაუდოდ, ძმები დაკვამლიანებისას გაიგუდნენ.  

ძმები მატარაძეები ბარსელონაში, სანტა კოლომაში ცხოვრობდნენ. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, ტრაგედია 4 მაისს, 05:00 საათზე, სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსში დატრიალდა.

მაშველებმა პირველი და მეორე სართულის სადარბაზოში ხანძრის ორი კერა აღმოაჩინეს. სამწუხაროდ, ხანძარს კორპუსში მცხოვრები 3 ადამიანი, მათ შორის, ძმები მატარაძეები ემსხვერპლნენ, მეოთხე დაშავებული კი მძიმე მდგომარეობაშია.

სავარაუდოდ, ბიჭები კვამლისგან გაიგუდნენ. როგორც ესპანური პრესა იუწყება, ეს კორპუსი, კონფლიქტური მცხოვრებლებით გამოირჩეოდა. საბედისწერო კორპუსის პირველ სართულზე კრიმინალური წრეების წევრი მამაკაცი ცხოვრობდა, რომელსაც კორპუსის მობინადრეებს შორის არა ერთი მომჩივანი ჰყავდა.

ეს მამაკაცი ოჯახთან ერთად ბინაში უნებართვოდ იყო შეჭრილი, რომელსაც, საბოლოოდ, სასამართლოს გზით საცხოვრებელი სახლი დაატოვებინეს. მიზანმიმართული ხანძრის გაჩენის მოტივიც შურისძიება იყო. 

"სავარაუდოდ, განაწყენებულმა, შურისძიების მიზნით, შუაღამისას, როცა შენობაში მყოფებს ეძინათ, ხანძარი გააჩინა. კვამლის შედეგად გარდაცვლილები არიან ძმები მატარაძეები და მეორე სართულზე მცხოვრები ესპანელი ქალი, რომელიც, ასევე, გაიგუდა.

დანარჩენები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღნიშნული მამაკაცი ამ ტრაგედიის შემდეგ დასაკითხად წაიყვანეს.

სავარაუდოდ, მას დააკავებენ, რადგან არის ვერსია, რომ ხანძარი სწორედ მან, განგებ გააჩინა, რასაც უდანაშაულო ძმების სიცოცხლე ემსხვერპლა." - წერს ესპანური მედია.