VIDEO: რა ხდება ადგილზე, სადაც უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა - უახლესი დეტალები

საგარეჯო

6 დაღუპული და 5 დაშვებული - უმძიმესი ღამე საგარეჯოში. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.

თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. კრიტიკულია ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა. მის გადარჩენას ექიმები ამ წუთებში ცდილობენ. რაც შეეხება, თავდამსხმელს - სპეც. ოპერაციის დაწყებიდან მალევე მან თავი მოიკლა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილია. ადგილობრივები ამბობენ, რომ კაცი მეუღლესთან განქორწინებულია და ჰყავს 2 შვილი.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სწორედ აქ იმყოფებიან, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ როგორც კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე იმ საცხოვრებელ ბინაში, სადაც 49 წლის თავდამსხმელი იმყოფებოდა.

ირკვევა, რომ იგი იყო საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანი და მას არ ჰქონდა ურთიერთობა მეზობლებთან. ასევე, ცხოვრობდა მარტო და კონტაქტობდა მხოლოდ ერთ შვილთან, რომელიც შემთხვევის დროს სწორედ მის სახლში იმყოფებოდა, მაგრამ შეძლო ტერიტორიის დატოვება. ის სავარაუდოდ ახლა იკითხება პოლიციის განყოფილებაში.

გაირკვა, რომ თავდაპირველად მამაკაცმა ცეცხლი გახსნა საცხოვრებელი კორპუსის შიდა პერიმეტრიდან, დაჭრა ეზოში მყოფი 2 ადამიანი. ამის შემდეგ მეზობლების დასახმარებლად მოსულ ადამიანებს გაუხსნა ცეცხლი

ცეცხლის გახსნა მოხდა ცენტრალური მაგისტრალის მიმართულებითაც, ანუ კორპუსის წინა მხრიდან, სათადარიგო გასასვლელის დახმარებით, სხვა აივნიდან, რა დროსაც ცეცხლი გაუხსნა ერთ-ერთ მარკეტს, რომელიც ახლო ტერიტორიაზე მდებარეობს და დაიჭრა რამდენიმე პირი.

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ სროლის შედეგად დაშავებული პირების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კლინიკის ექიმის, მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ორის კი ამ დროისთვის მიმდინარეობს. ერთი დაშავებული, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა, კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

მათ შორისაა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი, რომელიც გამოძახებაზე იყო მისული და სროლის შედეგად გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, ეს გახლავთ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში და ასევე, ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.