საძილე არტერიაში მოხვედრია მაიას... - წალენჯიხაში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

maia fifia

17 იანვარს წალენჯიხაში დატრიალებულ ტრაგედიას, 54 წლის მაია ფიფიას სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მისი შვილი ტირის თოფს წმენდდა.

მომხდარის დეტალებზე „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის კოლეგა და მეგობარი ესაუბრა.

„გუშინდელი დღიდან მაიას, მთელი წალენჯიხა ტირის. რაიონი ამ ამბავზე საუბრობს და მოთქვამს. არაჩვეულებრივი პედაგოგი, დედა, მეუღლე და უბრალოდ ლამაზი სულის ადამიანი იყო...

ის ჩემი ბავშვობის მეგობარი და კოლეგაა. ერთი სკოლა გვაქვს დამთავრებული. მას ორი დედმამიშვილი, და-ძმა ჰყავს. მაია და მისი და წალენჯიხაში გათხოვდნენ, ორივეს მეუღლე გვარად შელიაა. მაიას არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს. მისი მეუღლე განათლებული და გაწონასწორებული კაცია. მათ ოჯახში ხმამაღალი საუბარი არასდროს ყოფილა. ბედნიერად ცხოვრობდნენ და ზრდიდნენ ორ არაჩვეულებრივ შვილს, ქალ-ვაჟს.

მაია უძლიერესი ფილოლოგი იყო. მან ინკლუზიური განათლების განხრით მიიღო განათლება და ბოლო პერიოდში, წალენჯიხის მეორე საჯაროს სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობდა. იმდენად მოტივირებული იყო, რომ რამდენიმე დღის უკან, სკოლაში ბოლო აქტივობა მან ჩაატარა.

როცა მისი შვილები აბიტურიენტები იყვნენ, მოვიდა და მითხრა, ჩემი შვილები მინდა, რომ მოგიყვანო და ამეცადინოო. გამიკვირდა, თვითონ არაჩვეულებრივი ფილოლოგი იყო. მერე მითხრა, მიკერძოებული ხომ არ ვარ მინდა მითხრაო და ამიტომ მომიყვანა შვილები.

ძალიან ობიექტური, ჰუმანური და არაჩვეულებრივი ადამიანი დავკარგეთ როგორც პედაგოგიურმა საზოგადოებამ, ისე მთელმა წალენჯიხამ.

ლაშას დაემართა ის რაც დაემართა... თურმე ოთახში ტირის თოფს წმენდდა. ალბათ აღარ ახსოვდა, რომ გადატენილი იყო და შიგ ტყვია იდო. არ ვიცი, ტირის თოფსაც თუ შეეძლო ადამიანი მოკვლა. სამწუხაროდ,  საძილე არტერიაში მოხვედრია მაიას. მაშინვე გათიშულა. წალენჯიხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, არაფერი დაუკლიათ, მაგრამ ვერაფერი უშველეს.

ამ ტვირთის ტარება ძალიან ძნელია. არც მაიას გოგოს აქვს ოჯახი შექმნილი და არც თვითონ ლაშას. მოგეხსენებათ ოჯახი ადამიანს აძლიერებს... ეს იყო უბედური შემთხვევითობა. ამ ტკივილს გაძლება უნდა. ლაშა, ძალიან მორიდებული და ჭკვიანი ბიჭია. კარგი მოსწავლე იყო. ახლა საშინელ მდგომარეობაშია“- ამბობს დალი კვარაცხელია.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.