რა ვითარებაა ამ წუთებში ტერიტორიაზე, სადაც შენობის ფასადი ჩამოინგრა - უახლესი ინფორმაცია ტრაგედიის ადგილიდან

სადგურის მოედნის მიმდებარე

ტრაგედია თბილისში, სადგურის მოედანზე - ამ წუთისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი მოქალაქე, ერთი კი კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე ამ წუთებშიც გრძელდება სამაშველო სამუშაოები, მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებიც. არ არის გამორიცხული, რომ ნანგრევებში კიდევ იყოს მოყოლილი ვინმე.

ნგრევა სადგურთან მდებარე ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში დაახლოებით საათ-ნახევრის წინ მოხდა. სავარაუდოდ, ჩამოინგრა სახურავისა და ფასადის ნაწილი. ამ დროს, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ გარემოვაჭრეებიც, დაზიანებულია ავტომანქანებიც. ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ კორპუსმა ნგრევა მოულოდნელად დაიწყო. ჯერ გაიგეს ძლიერი ხმა, რის შემდეგაც შენობიდან სხვადასხვა ნაწილმა დაიწყო ჩამოცვენა.

ამ ეტაპზე, უცნობია, თუ რა ხდება კორპუსის შიგნით, სადაც ამ წუთებში მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.

ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრი და თბილისის მერი.

კახა კალაძე აცხადებს, რომ შენობა ავარიული სახლი იყო და ის არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, თუმცა მხოლოდ მობინადრეების ნაწილმა ისარგებლა ჩანაცვლების პროგრამით.

გამოძიება უკვე დაიწყო სისხლის სამართლის 240-ე მუხლით.